შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარეში ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებიც ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, დახმარება აღმოუჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება.
შეტყობინების თანახმად, გოდერძის უღელტეხილზე, მდინარე ლოდის ძირში, ძლიერი წვიმის და წყალმოვარდნის გამო, მიკროავტობუსი ქვიშაში ჩაეფლო. ტრანსპორტში მყოფ 6 მგზავრს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებს დახმარება სჭირდებოდათ, რადგან მიკროავტობუსის მძღოლი მდინარიდან გადასვლას და მგზავრების ნაპირზე გამოყვანას ვეღარ ახერხებდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადიგენისა და ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს, მიკროავტობუსი კი ადიდებული მდინარიდან სააგენტოს მძიმე ტექნიკით გამოიყვანეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.