ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 2 ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე დღეს გაგრძელდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა.
გამოცდებს, რომლებსაც ხუმრობით “საშემოდგომო გამოცდები” შეარქვეს, გარდამტეხი მნიშვნელობა ენიჭება _ კომპეტენციის ვერდადასტურების შემთხვევაში, პედაგოგი, რომელიც საპენსიო ასაკისაა, ჯილდოს მიიღებს და დატოვებს სკოლას. სკოლის დატოვება მოუწევთ საპენსიო ასაკს მიუღწეველ იმ პედაგოგებსაც, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ.
როგორც ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა გვითხრა, პირველ საგამოცდო დღეს გამოცდაზე 102 პედაგოგი გამოცხადდა, მეორე დღეს კი _ 100.
კითხვაზე, რაიმე შანსი ხომ არ ეძლევათ კიდევ მათ, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს, იმედაშვილი გვპასუხობს, რომ ამ მასწავლებლებს ექნებათ უფლება, იმუშაონ სკოლაში მანამ, სანამ მათ ადგილზე გამოცხადებული ვაკანსია შეივსება.
_ თუ პედაგოგმა გამოცდა ვერ ჩააბარა, ის აწი ვეღარ გავა გამოცდაზე და უნდა დაელოდოს შემცვლელს, რომელიც ვაკანსიის შემდეგ მოვა?
_ დიახ, ასეა.
_ სხვა არანაირი შანსი არ ეძლევათ?
_ შვიდი წელია ეს გამოცდები ტარდება და იყო ეს შანსი.
_ გამოცდებს ყველა ასაკის პედაგოგი აბარებს?
_ დიახ, როგორც საპენსიო, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლები.
_ ვთქვათ, საპენსიო ასაკის მასწავლებელმა ვერ ჩააბარა გამოცდა, წასვლის შემდეგ მაინც მიიღებს ჯილდოს?
_ დიახ, მიიღებს.
_ მასწავლებლები, რომლებიც ახლა ყველა გამოცდას ჩააბარებენ, წინ კიდევ ელოდებათ ბარიერი?
_ ეს არის სხვა ტიპის _ საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელი გამოცდები, რომელიც დაიწყება მომავალ ზაფხულში.
მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები გრძელდება. აღნიშნული გამოცდების თაობაზე, როგორც საზოგადოებაში, ისე მასწავლებელთა დიდ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობაა. საქმე იმაშია, რომ ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ამ წლის “საშემოდგომო გამოცდას” ვერ ჩააბარებს, მას მეტის შანსი აღარ ეძლევა და სკოლა უნდა დატოვოს.
“გურია ნიუსი” ამ საკითხზე არაერთ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, თუმცა, მათი აზრი საყურადღებოა:
_ ეს თემა აქტუალური და ყურადსაღებია. ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელიც მართლაც მცოდნეა, რაც არაერთგზის დაუმტკიცებია, მაგრამ ხსენებულ გამოცდას ვერ აბარებს. ამიტომაც არის ეს გამოცდები ცოტათი უცნაური. თუ ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი დარჩა სკოლის გარეთ, რომელიც მცოდნეა და საამისო ავტორიტეტი და მტკიცებულება გააჩნია, რაც მის მიერ განვლილ პედაგოგიურ გზას მოიცავს, შესაძლოა, თემამ ხმაური გამოიწვიოს, _ გვითხრა ერთ-ერთი სკოლის უფროსმა მასწავლებელმა.
საკუთარი უარყოფითი მოსაზრება გაგვიზიარეს, ასევე, მასწავლებლებმა, რომლებსაც თავად ჩაბარებული აქვს გამოცდები.
_ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს გამოცდაზე უწევთ ისეთი საკითხების ჩაბარება, რომელიც საერთოდ არ სჭირდებათ პრაქტიკული მუშაობისთვის. ეს ასე არ უნდა იყოს დაგეგმილი, _ ამბობენ ისინი.
თუმცა, ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი ამ საკითხის შესახებ ამბობს, რომ პედაგოგმა, გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდის თემატიკა მათთვის ცნობილია, უნდა შეძლოს კომპეტენციის დადასტურება:
_ საგამოცდო თემატიკა მასწავლებლებისთვის ცნობილია ადრიდანვე და ამავდროულად გადიან საგამოცდო მოსამზადებელ ტრენინგებსაც. რაც შეეხება ტესტების შინაარსს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის.
მასწავლებელთა გამოცდები ძალიან აქტუალური თემაა და მას “გურია ნიუსი” კვლავ მიუბრუნდება.