“მატყუარა იაკობი” ასე ჰქვია იურეკ ბერეკის წიგნს, რომლის წარდგენაც გუშინ თბილისში, წიგნების მაღაზია შაქრო ბაბუაში შედგა.
წიგნის პრეზენტაცია აკრძალული წიგნების კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მის შესახებ საზოგადებას “მატყუარა იაკობის” ქართულ ენაზე მთარგმნელი, დავით კაკაბაძე ესაუბრა.
მთარგმნელის თქმით, წიგნში მოთხრობილი ისტორია პოლონეთში მდებარე ერთ-ერთ გეტოში მომხდარ ამბავს ეფუძნება, რომლის შესახებაც, წიგნის ავტორმა მამამისისგან შეიტყო.
გავრცელებული ცნობით, პოლონეთში მდებარე ერთ-ერთ გეტოში იყო პიროვნება, ვინც ამბებს მართლა უსმენდა რადიოში და შემდეგ გარშემომყოფებს უყვებოდა, მაგრამ ვიღაცამ გათქვა და დახვრიტეს.
“მატყუარა იაკობი” არის რომანი ერთ კაცზე, რომელსაც ტყუილის თქმა უწევს. გავრცელებული ტყუილი ინფორმაციის შედეგად კი აღმოაჩენს, რომ გეტოში თვითმკვლელობების რიცხვი კლებულობს და სიმართლის თქმის უფლება აღარ აქვს.
ისტორიის ამ ფორმით გადმოცემის გამო კი, ავტორს მამა დიდი ხნის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა. თუმცა, ბეკერი თვლიდა, რომ მამის მიერ მონყოლი ისტორიის იმ სახით დაწერა, ლიტერატურისთვის ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.
წიგნი გერმანიაში მაშინ აკრძალეს, როდესაც ბეკერმა დასავლეთ გერმანიაში გამოსცა რომანი “უძილო დღე”. რომანის გამოცემის შემდეგ კი თაროებიდან ბეკერის დაწერილი ყველა წიგნი გაქრა, მათ შორის “მატყუარა იაკობიც”.
როგორც დავით კაკაბაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, აღნიშნული რომანის თარგმნის სურვილი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა, თუმცა, მოუცლელობის გამო აქამდე ვერ შეძლო.
“წიგნის თარგმნის სურვილი სტუდენტობის პერიოდში გამიჩნდა. 1978 წელს უნივერსიეტიდან გაცვლითი პროგრამით, იენაში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში წავედი და იქ ბეკერის სახელს ყველა ახსენებდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ჩემმა მასწავლებელმა რეზო ყარალაშვილმა მითხრა მეთრგმნა. მას ძალიან უყვარდა ბეკერი. მიწერ-მოწერა ჰქონდა მასთან და გარდა იმისა, რომ კარგ მწერლად მიაჩნდა, მოსწონდა მისი სითამამე. 40 წლის წინ მინდოდა ამ რომანის თარგმნა და მიკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში, რომ არავინ თარგმნა”,_ამბობს კაკაბაძე.
მთარგნელის თქმით, რომანის გამოცემას დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში სიფრთხილით შეხვდნენ და სხვადასხვა მიზეზების გამო გააკრიტიკეს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოკასტს ეხება, წიგნი პათეტიკურობას მოკლებულია.
“გამორჩეული არის იმით, რომ მოკლებულია ყოველგვარ პათეტიკურობას, ჰეროიზმს და ჰეროიკულ თხრობის სტილს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რომანს დასავლეთ გერმანიაშიც თავიდან ძალიან ფრთხილად შეხვდნენ და გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ის სისასტიკეები ნატურალურად არ არის აღწერილი. რა თქმა უნდა აღწერილია, მაგრამ არ არის აღწერილი, როგორ აწამენდნენ ხალხს ნაცისტები გეტოებში, ბანაკებში. აღმოსავლეთში კი იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მთავარი გმირი, მათ არ მიაჩნდათ ღირსეულ გმირად. თვითონ ბეკერი წერს, რომ გმირი ერთი მშიშარა კაცი იყო, მოცაცახე”,_ამბობს კაკაბაძე.