Developed By Web Features 2024 © All rights reserved
მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება.
მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლების მიღება სკოლაში.
„განათლების სისტემის რეფორმა არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს და მომდევნო წლებში. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით 2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემერ-მინისტრის განმარტებით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი 2020 წლიდან ამოქმედდება.
28 იანვარს განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ატესტატის გაცემის წესი იცვლება და შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვისაც უნდა გაუქმებულიყო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved