ადოკატი შედის საპატიმროში, სადაც ზის ოსი, სომეხი, გურული, მეგრელი, კახელი, ქართლელი…
,,ადვოკატი (ეკითხება გურულს) – შენ ვინა ხარ? მეგრელი?
გურული –ვაი, წავხდი, კილავ! რა მიგავს თხაპარია მეგრელს?
მეგრელი – რა მოგპარა, წიე, მეგრელმა?
გურული – დედავ! რავა აბდლურათ ჩივი შენ! შენ სხვას მოპარავ, თვარა გურულს რავა გუუბედავ მოპარვას! ჩემ კონახში რომ შეხვიდე, იცი, რას გიზამ, ყაზილარო? ნიფხავს გაგხდი და მითი შეგიკოჭავ ხელებს!
მეგრელი – თუ მაგრე ვაშკაცები იყოთ, პატონი, დადიანი რათ ერეოდა გურიელს?
გურული – ვინ გითხრა მაი საჯაყი! იგი დაგავიწყდა, ოცდახუთმა გურულმა რომ ათასი მეგრელი დეიფრინა წინ, ისე რომ ერთი ყურშუმიც არ გაუსვრიათ?
იმერელი – ეს ისე მართალია, თქვენ ნუ მომიკვტებით, როგორც აღდგომა! მას აქეთ არის ჩვენში დარჩენილი სიმღერა: ,,ოცდახუთსა მეგრელ კაცსა მაკე ტურა შეეყარათ, სანამ ტურას გეიცნობდენ, სული ხორცით გეეყარათ!..”
ადვოკატი –…რათ დაუჭერიხართ, გურულო?
გურული – რეიზა და იმიზა, იგი ყაზილარი, რომ მოვკალი ქალაქში!
ადვოკატი – რათ მოჰკალი?
გურული – მე კი არ მოვკალი, მან მომაკვლევია თავი ტყვილათეი!
ჩემდა მოვდიოდი გზაზე, დამხვდა ი ყაზილარი და დამიწყო ყვირილი: ,,გურულო, უჰ გურულო! ო, გურულო!” და მანამდი მიყვირა, სანამ კუჭი არ მომაყვანია. არ გევეცი ხმა! მარა ბოლოს ხელოც მიბიძგა! მაშინ მეც კუჭი მომივიდა: ბიძგება მასთე არ უნდა-მეთქინ – უთხარი, ვბიძგე ჩემი მაჭახელა, ვრეხვე გაბერილ მუცელზე და ქეჩხოსავით გადავაგორე! ერთი ,,ვაი დედაც” ვეღარ მოასწრო იმ ყაზილარმა და, თუ მეტი არ შეეძლო, რეიზა მაკუჭიანებდა, ი დედაგაგლეჯილი!
ადვოკატი – ადვოკატი გყავს?
გურული – ადუკატი რეიზა მინდა! კი აღარ ვფიცავ მის სიკვდილს!
ადვოკატი – მაშ გაგზავნიან!
გურული – გამგზავნიან და ვეღარ გამოვბრუნდები? ისევ ჩამოვალ, რა!
ადვოკატი – ვინ გამოგიშვებს ნებით?
გურული – ძალით გავშპები!
ადვოკატი – მერე ყარაულები?
გურული – ყარაულები! მე კი გავშპები გზიდან და იქ კი აღარ დუუწყებ ყარაულებს ყუნცულს! სანამდი იგინი გეიმძრეოდენ, მაქამდი მე დავტრაკავ და ქობულეთში ამოვყოფ თავს! იქ კი ვირჩენ თავს. ფირალათ ერთი ბიჭი ვერ მაჯობებს და, მართალია, ჩემს სოფელს კი მოშორებული ვიქნები, მარა იმ დედაგაგლეჯილის სიკვდილს კიდე ჩემი ფირალობა აჯობებს!”
ამონარიდი აკაკი წერეთლის პიესიდან ,,სცენა საპატიმროში” (1867)