დღეს ფაბრიკაში „მე ომბუდსმენი 2017“-ის და ფოტო კონკურს „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“ 2017-ის გამარჯვებულები სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დააჯილდოვეს.
როგორც სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონკურსის მიზანია ადამიანებში ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყოს.
„დღეს ჩვენ 2 კონკურსში გამარჯვებულებს დავაჯილდოვებთ. პირველი ეს არის ყოველწლიური კონკურსი „მე ომბუდსმენი“, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება. შესაბამისად, ყოველწლიურად ასობით მოსწავლე მონაწილეობს ამ კონკურსში. მიმდინარე წელსაც 800-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. დღეს გამოვავლენთ ამ კონკურსის გამარჯვებულებს. გარდა ამისა, ასევე გვქონდა გამოცხადებული კონკურსი „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“, სადაც თანასწორობის საკითხებზე მომზადებული ფოტორეპორტაჟებისა და ფოტო ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებულებსაც შევარჩევთ. კონკურსის მიზანი იყო ის, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის ცნობიერების ამაღლებას, იდეების დამკვიდრებას“,_განაცხადა ნანუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იქნება.
„შესანიშნავი იყო დღევანდელი ღონისძიება. განსაკუთრებით ის, რომ ამდენმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. რაც მთავარია აქ ჩანს დაინტერესება ადამიანის უფლებების სფეროთი. ეს ყველაფერი ხდება დეკემბერში, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახლოვდება. ამ ღონისძიებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ჩვენ ყველანი შეიძლება ითქვას, რომ ომბუდსმენები ვართ. ვფიქრობ, რომ მომავალში ამ ღონისძიების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა“, _ განაცხადა ჰერმანმა.