ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს პოსტი, რომელიც ჩემს პირად გრძნობებს და ცხოვრებას ეხება. ჩემი Facebook-მეგობრების დიდი ნაწილი ფიქრობს ისე, როგორც მე, რომ კვირას სააღდგომო ლიტურგიაზე და ორშაბათს სასაფლაოზე გასვლისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, ვინაიდან ვხედავ, არის მცირე ნაწილი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ეს პოსტი მათთვისაა. მე ახლა ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი რიგითი წევრი, რომელიც მეტ-ნაკლები მონდომებით და შეძლებით მონაწილეობს ეკლესიის ტრადიციულ რიტუალებში. დიახ, არ უნდა წავიდეთ არც ეკლესიაში და არც სასაფლაოზე! უნდა ვილოცოთ შინ და შევეგებოთ ჩვენს გულებში ქრისტეს აღდგომას! შინ უნდა ვილოცოთ ჩვენთვის და ჩვენი მიცვალებულებისთვის! გადამწყვეტი გარემოება უნდა იყოს ჩვენი შიში და პასუხისმგებლობა, რომ ამ ნაბიჯით დავასნებოვნებთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და შემდეგ ჯაჭვური რეაქციით ათობით, ასობით თანამოქალაქეს. ამ კუთხით, კათოლიკოს-პატრიარქმა 1 აპრილს მოგვცა კურთხევა – დავრჩეთ სახლში, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ ვირუსით დასნებოვნების გამო.
ცხადია, ეს არ იყო საპირველაპრილო ხუმრობა და დღეს, პატრიარქის მოწოდებიდან 15 დღის შემდეგ ჩვენი ეპიდემიოლოგების განგაშის კომენტარებიც სწორედ ამ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. მრევლის ის ნაწილი, ვინც სააღდგომოდ ვერ თუ არ ვეზიარებით, სახლში დარჩენის გადაწყვეტილებას ადვილად მივიღებთ, მაგრამ ვინც მარხულობს და საზიარებლად ემზადება, ისინი შესაძლოა, დაბრკოლდნენ და შეყოყმანდნენ. ამიტომ ვთხოვ ჩემს მეგობრებს – დავუჯეროთ პატრიარქს. ზიარებას მერეც შევძლებთ, როცა ეს ჟამიანობა გადაივლის. და ეს სიფრთხილე ჩვენი მოძღვრებისგან თუ არა, უფლისგან მაინც მოგვეტევება.
რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლას, ისედაც სააღდგომოდ არ უნდა ვიტიროთ, არ უნდა ვიყოთ მგლოვიარენი. ის ტრადიცია, რომ აღდგომა დღეს ან ორშაბათს უნდა გავიდეთ საფლავებზე, პირობითია. რეალურად, მიცვალებულებისთვის აღდგომის მილოცვა შემდეგ კვირაში ხდება და ეს მოწოდება ხშირად მომისმენია ჩემი მოძღვრისგან. ასევე, ჩვენ ხომ ისიც ვიცით, რომ მიცვალებულების სული ყველგანაა და არა მხოლოდ იქ, სადაც მათი სხეული?! ამიტომ მათთან საუბარი სახლიდან გაუსვლელადაც შეგვიძლია. მე პირადად მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ და მოგვიანებით ვინახულებ მას მუხათგვერდის სასაფლაოზე. მქონდა ცდუნება და ვფიქრობდი, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ აკრძალვისა, მუხათგვერდამდე ტყე-ტყე ავიდოდი და ასე შევძლებდი შვილის საფლავზე მისვლას, მაგრამ ჩემი შინ ყოფნა არის ყველა იმ მოქალაქის სოლიდარობა, ვინც ემორჩილება კანონს და განიცდის ამ ტკივილს. ასევე, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მჯერა, ჩემი Tsotne Tskitishvili ამ საქციელს მხოლოდ მომიწონებს. მეგობრებო, ჩემო ქრისტესმიერო ძმებო და დებო, დავრჩეთ და ვილოცოთ შინ!”