მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე გუშინ საქართველოშიც აღინიშნა.
როგორც ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა, მედიაზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმას გულისხმობს.
„თავდასხმა მედიაზე და ჟურნალისტებზე გულისხმობს თავდასხმას დემოკრატიაზე, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყოს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც თითოეული ადამიანის უფლებაა და დაფუძნებულია თანასწორობის, არადისკრიმინაციისა და ერთიანობის პრინციპებზე, ნებისმიერი მედიასაშუალებით, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ასევე ჩვენი ქვეყნების გარეთ“, _ განაცხადა ჰერმანმა.
ჰერმანმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“-ის დაწყების შესახებ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგმის თქმით, ამ პრიზით, უნდა მოხდეს წახალისება კონფლიქტური თემების გაშუქების მაღალი პროფესიონალური სტანდარტებითა და ჟურნალისტიკური უნარებით, რაც ამცირებს დისტანციას გაყოფილ საზოგადოებებს შორის.
როგორც ცნობილია, 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა.
ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა კი იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.