მედიის წარმომადგენლებმა ბათუმში აქცია გამართეს _ იუწყება 1tv.ge.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, პრაქტიკულად, რეგიონში მოქმედი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი შეიკრიბა დღეს ევროპის მოედანზე და მედიის მიმართ ძალადობის შეწყვეტა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო დღეების მოვლენების დროს სხვადასხვა მედიასაშუალების 55 წარმომადგენელი დაშავდა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ კოლეგებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ძალადობის ფაქტები დროულად გამოიძიოს.
„დღეს ჟურნალისტები ვაპროტესტებთ მედიის წინააღმდეგ გამოცხადებულ ტერორსა და რეპრესიებს, რაზეც პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოვითხოვთ „ქართული ოცნებისგან“ და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, შეწყვიტოს მედიაზე ძალადობის წახალისება, შეწყვიტოს მედიაზე ძალადობა და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს თავდასხმის ყველა ფაქტი“, – ამბობს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი.