ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდაზე მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების დამტკიცებას.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის, ელიკო იმნაძის ინფორმაციით, შტატების დამატება აკეთში, შუხუთსა და ჩოჩხათში გადაწყდა.
სწორედ ეს განმარტება აღმოჩნდა არასაკმარისი ლესის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ელისო ჭიჭინაძისთვის.
„ძალიან მაინტერესებს, რა კრიტერიუმით შეირჩა ეს სამი სოფელი, მაშინ, როცა ხელთ მაქვს მონაცემები ამ სოფლების შესახებ. მაგალითად, აკეთში, სადაც წარმომადგენელი და მისი ორი თანაშემწე გვყავს, ვამატებთ კიდევ ერთ შტატს. კომლები და მოსახლეობის საერთო რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ლესაში და მაღალმთიანი სოფელიც შედის ამ ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში.
დიდი მცდელობების შემდეგ მოვიძიე დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე მიიღო მერიამ ამ სოფლებში შტატების გაზრდის გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ბუხუტი ბარამიძის მოხსენებითი ბარათი მოვიძიე მერიის ხელმძღვანელობის სახელზე, სადაც წერია, რომ ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კვიტაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დასვა საკითხი, რომ შუხუთის, აკეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურად შესრულებისთვის საჭიროებას წარმოადგენდა დამატებით თანაშემწის აყვანა. ჰოდა, ახლა ამ ჩემს მეგობარ კარლოს ვთხოვ, დამატებით ლესაც შეიტანოს სიაში. არ შეიძლება ასე შერჩევითი წესით მიდგომები“, _ ცხარობდა ლესის მაჟორიტარი.
კრიტიკული იყო საკითხთან მიმართებაში გიორგი ჩახვაძე, რომელიც საკრებულოში ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს.
„არასდროს მითქვამს, რომ ჩოჩხათში, აკეთში თუ სხვაგან საჭირო არაა შტატის დამატება, მაგრამ რა აზრი აქვს კომისიების სხდომების ჩატარებას, როცა არა ერთ კომისიასა და ბიუროს სხდომაზე უმრავლესობამ დაუჭირა მხარი საკითხს იმ კუთხით, რომ ფინანსური შესაძლებლობების გაჩენისთანავე რწმუნებულის თანაშემწის შტატი იმ სოფლებშიც დაემატებოდა, სადაც თითო წარმომადგენელია. თუ ჩემი ეს შენიშვნა გათვალისწინებული არ იქნება, საკითხს მე მხარს ვერ დავუჭერ. ამიხსნას ვინმემ, ჩიბათში, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებს, რატომ უნდა იყოს მხოლოდ ერთი სპეციალისტი?!” _ აღნიშნა ჩახვაძემ, რომელსაც მხარი სხვა კოლეგებმაც დაუჭირეს.
დეპუტატთა მხრიდან მსგავსმა გამოსვლებამ სხდომაზე მყოფი მერის, ალექსანდრე სარიშვილის გაკვირვება გამოიწვია.
„ძალიან გაკვირვებული ვარ, რაც აქ მესმის. ჩოჩხათის მაჟორიტარმა რეზო კვერენჩხილაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს არაერთხელ დააყენა ეს საკითხი საკრებულოს სხდომებზე, შუხუთმა და აკეთმაც დასვეს ეს საკითხი. მაშინ არ იყო ამის ფინანსური შესაძლებლობები და ახლა შემოვიტანეთ ეს საკითხი დასამტკიცებლად. აქ მომესმა კიდეც, ვინცაა, ის რა აკეთებსო. ნამდვილად არაა ასე, ძალიან რთულია ღამის ორ და სამ საათზე ფართობებში ჩახვიდე და ტრაქტორებს სდიო. შტატების დამატების გადაწყვეტილება ზემონახსენებ სამ სოფელში წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა”, _ განმარტა ოპონენტთა საყურადღებოდ მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა.
საკრებულოში გამართული დროში გაწელილი ცხარე დებატი, საბოლოოდ, საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამ ამოწურა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმ შენიშვნების გაუთვალისწინებლად, რომელიც ჩახვაძესა და მის ზოგიერთ კოლეგას ჰქონდა. ჰოდა, დათქმულ პირობას არც ეს დეპუტატები გადავიდნენ და ოპოზიციასთან ერთად კენჭისყრაზე დაყენებულმა საკითხმა მათი მხარდაჭერა ვერ მიიღო. საბოლოოდ, 14 ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა და საკრებულომ, აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობის მიუხედავად, მერიის წინადადება შტატების ზრდის თაობაზე დააკმაყოფილა.