“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო.
მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს.
ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც 23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის, ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და ბანკების ვალებით აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული.
საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!
ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის 11 წელს, რადგან ამ ადამიანებს ეს პერიოდი არ ეთვლებათ, როგორც გასამხედროებული სამსახური 20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი, მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ.
ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე.
(R)