მესტიაში 25 დეკემბერს მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც ოჯახის ნათესავები imedinews-სთან აღნიშნავენ, მკვლელს მათთვის გაურკვეველი პირები ხელს აფარებენ.
“30 დღის განმავლობაში ვერ მოხდა მკვლელის დაკავება, უმოქმედოდ არ გავჩერდებით, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და სამართალს მაინც ვიპოვით. სვანეთი რთული რეგიონია, მაგრამ ხელს რომ ვინმე არ აფარებდეს, შუა ზამთარში, ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში მარტო ვერ იქნება“, – აცხადებენ ნათესავები.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი 25 დეკემბერს ჩაცხრილეს. ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან, სავარაუდოდ, მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა. ნიგურიანი თვითმმართველობის არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იყო.
არსებული ინფორმაციით მოკლულ ლომარ ნიგურიანს მესტიაში მცხოვრებმა პირმა ესროლა, რომელთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. წინასწარი ინფორმაციით სამართალდამცავებისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია.