მომავალი წლის ლანჩხუთის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ შეჭირვებულ ადამიანთა გამოკვებისთვის ბიუჯეტი 90 ათას ლარს გაიღებს და იგი 105 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.
ცნობისთვის, დღეში ერთჯერადი კვება 2017 წლიდან ქალაქის მასშტაბს გაცდა და სოფლებში შეჭრვებული ოჯახებისთვის საკვების მიწოდება კვირაში ორჯერ ხდება.
როგორც გაირკვა, 2018 წელს უფასო კვების პროგრამით ლანჩხუთში 98 ბენეფიციარი სარგებლოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილია, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, სოსო ჩხაიძისთვის გაუგებარი რჩება, რატომ მოხდა დაფინანსების შემცირება.
„მაშინ, როცა ქვეყანაში ფასები ყველაფერზე გაიზარდა, საინტერესოა, ჩვენთან რატომ მცირდება ამ პროგრამის დაფინანსების ხარჯები?! პირიქით უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, რომ მომავალ წელს მეტ ადამიანს მოვემსახურებით“, _ ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი.
დეპუტატის საპასუხოდ მერიაში განმარტავენ, რომ სოციალურად შეჭირვებულთა კვებისთვის ტენდერი გამოცხადდა, რომელიც კონკრეტულმა პირმა მოიგო: „ადრე ამ ხალხს ცალკე ა(ა)იპ კურირებდა, სადაც შვიდი ადამანი იყო დასაქმებული. შემდეგ გამოცხადდა ტენდერი და მოხდა თანხის გამოთავისუფლება. ხელფასები აღარ არის გადასახდელი, შესაბამისად, ის ა(ა)იპ-იც გაუქმდა. ამიტომ არის ნაკლები თანხა ამ მხრივ გათვალისწინებული ბიუჯეტში“.
თუმცა, მერიის ამ განმარტებას არ იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი: „თუ ასე მოხდა, დაეტოვებინათ ის თანხა და კვირაში ორჯერ რომ მიაქვთ სოფლებში შეჭირვებულებისთვის საკვები, სამჯერ მიეტანათ“, _ ამბობს ჩხაიძე.