პირველ რიგში, რას ვითხოვთ ქართველი სპორტსმენებისგან? – ბოლომდე ბრძოლას, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას და ზოგჯერ საკუთარ თავზე მაღლა ახტომას. თუკი ამას სასურველი შედეგი მოჰყვება, ყველაფერი იდეალურადაა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თურქებთან ორ ოვერტაიმში (88:83) გამარჯვება ყველა ამ კომპონენტს ზედმიწევნით აკმაყოფილებდა.
შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი მაინც მეორე პერიოდის შუაში იყო. საქართველოს ნაკრებმა 5 წუთი “მშრალად” ითამაშა და მეტოქის კალათში ბურთის მოთავსებას ვერ ახერხებდა, შემდეგ კი დაცვაში ძალიან ორგანიზებულობით, რასაც შეტევაში სწრაფად გადასვლა მოჰყვებოდა, 14:0 გაქცევა შევძელით. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის თამაშში ახალი ელემენტი
და საუკეთესო მონაკვეთი იყო, სადაც რატი ანდრონიკაშვილმა გაილაღა. ამ ბიჭს დიდი კალათბურთისთვის ყველა საჭირო მონაცემი აქვს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება, მათ შორის, ნაკრებშიც.
სტაბილურობას რაც შეეხება, ტად მაკფადენზე სულ რჩება განცდა, რომ ერთხელ აუცილებლად, თანაც მნიშვნელოვან ეპიზოდებში, “აფეთქდება” და ეს თურქეთის ნაკრებთან ვიხილეთ. მან სამქულიანები წარმოუდგენლად რთული პოზიციებიდან ჩააგდო და საბოლოო გამარჯვებაში დიდი როლი ჰქონდა.
როგორ არ უნდა შეაქო თითოეული კალათბურთელი – შერმადინი თუ სანაძე, რომლებმაც დაცვაში ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს; ჯინჭრაძე თუ ბექაური, მნიშვნელოვან ეპიზოდებში ცივსისხლიანიბა რომ გამოიჩინეს, თუმცა სანდრო მამუკელაშვილზე მაინც ცალკე უნდა ითქვას.
შორს არ ჩანს ის დღე, როცა სანდრო NBA-ში დიდ სიტყვას იტყვის და ქართველ გულშემატკივრებს ეკრანებთან მიაჯაჭვებს. მამუკელაშვილს შეუძლია ლიდერობა და თამაშის საკუთარ თავზე აღება, თუმცა ჯერ ის ნაკრებში მაინც ახალბედაა და თითქოს მაშინ უფრო იხსნება, როცა გრძნობს, რომ თამაში მასზე ეწყობა. სანდროს თამამად შეუძლია სამქულიანები ისროლოს, ხოლო, როცა ის ფარისკენ ჩასატენად “მიფრინავს”, მისი გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. “მამუს” ემჩნევა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრ იანისთან ბევრ დროს ატარებს და ქართველ კალათბურთელს “მილუოკში” ახლა უფრო მეტი დრო, ნდობა და თავდაჯერება უნდა ჰქონდეს…
რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, შესაბამის მოტივირებას რამხელა ძალა აქვს. ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც ოვერტაიმის წინ, ფაქტობრივად, განახევრდა (ლიდერების ტრავმას შერმადინისა და სანაძის მოედნიდან გასვლა დაერთო), ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ღირსეული მიღება მარცხსაც სჭირდება, რაც სამწუხაროდ, მეტოქემ ვერ შეძლო, თუმცა 2 კალათბურთელს შორის დაწყებული კონფლიქტი მოთამაშეებს არ გაურთულებიათ. თურქთა მწვრთნელი, რომელმაც წინა დღეებში აშკარად ზედმეტი საუბრით დაგვამახსოვრა თავი, ბოლომდე გამოვიდა წყობიდან. ამას მათი მხრიდან რაღაც ბრალდებები მოჰყვა, რასაც ფიბასგან შესაბამისი პასუხი გაეცემა.
ემოციები კი ილიას ზუროსსაც ისეთი ჰქონდა, აქამდე მისგან რომ არ გვინახავს. ფაქტია, მან გუნდის შესაბამისი მოტივირება შეძლო და როგორც მატჩამდე, ასევე მისი გრძელვადიანი მიმდინარეობისას, დააჯერა, რომ გამარჯვება შეეძლოთ. ახლა მთავარი ძალების აღდგენაა. შემდეგი მეტოქე აქამდე მოუგებელი ბულგარეთია, რომელიც სწორედ ჩვენი გადაღლილობითა და ემოციური გამოფიტულობით სარგებლობას ეცდება, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ესპანეთის ნაკრები ბელგიასთან (73:83) დამარცხდა. შესაბამისად, ჯგუფიდან გასასვლელად მინიმუმ, ორი მოგება გვჭირდება. ახლა ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ის უნდა იყოს, ბელგიასა და ესპანეთთან თურქების მარცხს ვუგულშემატკივროთ და ამ შემთხვევაში პლეი-ოფში ორი გამარჯვებით აუცილებლად გავალთ, რადგან თურქებს ურთიერთთამაშებში ვჯობნით. ორი მოგებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი სხვა მხრივაც არსებობს, ჩვენ კი ჯერ ბულგარეთი დავამარცხოთ და უკანასკნელ ტურზე შემდეგ ვიფიქროთ – მონტენეგროსაც ვაჯობოთ, რატომაც არა!
sportall.ge