თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, სამსახურიდან გაათავისუფლოს ის თანამშრომლები, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.
„მეტროსადგურ „ვაკეთილში“ ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე, შევისწავლეთ არსებული გარემოებები და აშკარაა, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.
კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
1tv.ge