გუშინ, როცა თბილისში ქარის წისქვილებთან ბრძოლა ყოფილა გაჩაღებული, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, მის სახლმუზეუმში, მშვიდ, მზიან შემოდგომის ამინდში, პრემია “საგურამოს” დაჯილდოების ცერემონიალზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ერგო ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი ქართლოს თეთრაული წერს.
თეთრაულის თქმით, მეუფემ წერილი გაგზავნა საგურამოში. “გურია ნიუსი” თეთრაულის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მეუფე გუშინ საგურამოში არ ჩამობრძანებულა. წერილი გამოაგზავნა, სადაც მის მოქალაქეობრივ პოზიციას ხსნის, რაც ვფიქრობ, ამ აბნეულ-დაბნეული საზოგადოებისთვის სანიმუშო და სანუგეშებელიც უნდა იყოს”.
ნაწყვეტი მეუფის წერილიდან:
“რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის!
მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა და ძალის მომცემი; თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე სწორედ მისი საახალწლო წერილი „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..” წავიკითხე; ხოლო სტუდენტობისას როცა ვიწამე ქრისტე, ნათლობის დროს ვითხოვე ილია დაერქმიათ, ილიას პატივისცემითა და სიყვარულით..
1995 წლიდან ვიმყოფები ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, შიდა ქართლში, შუა ქართლში, შუაგულ საქართველოში; რომელმაც ამ უახლოეს წარსულშიც უდიდესი განსაცდელი გამოიარა და გვყავს მრავალი ათასი, სამოსახლოდან აყრილი და დევნილი ადამიანი..
ახალგორის რაიონი, ქსნის ულამაზესი ხეობა, სადაც ილია არაერთხელ ყოფილა სტუმრად თავის მეგობარ თავად კოლა, ქსნის ერისთავთან, სადაც კოლამ ილიას ვაჟა გააცნო და პირველად იქ მოასმენინა ვაჟას ლექსები და მისი ფანდურზე სიმღერები, ამ ადგილზე 2008 წლის ომის დროს საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და სახლები ამიტომაც გადაურჩა მასიურ დაწვასა და განადგურებას, მაგრამ მრავალი სახლი დაკეტილია და მრავალი სკოლა დარჩენილია უბავშვებოდ. ერთხელ იკოთის გზაზე სკოლის მოსწავლე დავიმგზავრე და ვკითხე კლასში რამდენი მოსწავლე ხართ მეთქი და მიპასუხა ჩვენ ყველაზე ბევრნი – კლასში სამი ბავშვი – ვართო!..
ამა წლის სექტემბრის თვიდან, ისედაც რთულ ვითარებაში დარჩენილ ახალგორის რაიონის მოსახლეობას, კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა, რადგანაც გზა ჩაიკეტა და ხშირად თვით ავადმყოფობის დროსაც კი ვერ ახერხებენ წეროვანსა და თბილისში მკურნალობისათვის ჩასვლას. გზის ჩაკეტვის გამო არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა…
ბოლო შემთხვევამ კი ძალიან შემაწუხა, ცხადად, მწვავედ განვიცადე და დამაფიქრა ამ ამბავმა: ერთ იკოთელ ქალბატონს ინსულტი დაემართა, გზის ჩაკეტვის გამო ნება არ დართეს თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. შორი და რთული გზით ცხინვალისაკენ წაუყვანიათ, თითქოს იმ განზრახვითაც, რომ თუ აუცილებელი გახდებოდა ავადმყოფს ერგნეთიდან გაატარებდნენ, მაგრამ იგი საავადმყოფოში გარდაცვლილა. ავადმყოფის ქმარს, იკოთში, როცა ტელეფონით შეატყობინეს თავისი ცოლის გარდაცვალება, ჩვენი მონასტრის წევრებს გამწარებულმა თურმე უსაყვედურა – რა გმირები თქვენა ხართ, ხმას რომ არ იღებთ, ჩუმად რომა ხართ? ხეობიდან ავადმყოფი ვეღარ გაგვიყვანია! თქვენი მეუფე აქ რომ იყო, ამბავი იყო ატეხილი, მთელი ქვეყანა შეძრეს და რა, ვინმემ რამით შეაწუხაო?ჯილდოებს იღებთ, რა გმირები თქვენა ხართო? ეხლა რატომ არავინ ხმას არ იღებთ ასეთ დღეში რომ ვართ ჩავარდნილიო!?. გულზე მეც მწარედ მომხვდა ცოლგარდაცვლილი ქმრის ტკივილი, ვიზიარებ მის მწუხარებას…
ილიას პრემია ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და რაც მის სახელს უკავშირდება ჩემთვის ყველაფერი ძვირფასი არის!.. და რადგანაც ეს პრემია ჩემზე უკვე გაცემულია მე მასზე უარს აღარ ვიტყვი, მაგრამ ისევ ილიას სიტყვებს დავესესხები, არ „გვინდა ტაში!“ და სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები, მაგრამ ღრმად მჯერა ისეთი დროც მოვა, როცა სიყვარული გაიმარჯვებს და ერთად ვიზეიმებთ ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას!!!
მადლიერებით, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართლოს თეთრაული.