დმანისისა და ლორე-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი განცხადებას ავრცელებს და სალარიძის და დადუნაშვილის მშობლებს მიმართავს.
განცხადებაში მეუფე, ასევე, მოუწოდებს მშობლებს, გააღვიძონ შვილებში პასუხისმგებლობის გრძნობა:
“თანატოლთაგან სიკვდილისთვის უმოწყალოდ გამეტებული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის გულდამწვარო მშობლებო და ოჯახის წევრებო. მგლოვიარეთა და ჩაგრულთა შეუპოვარო ჭირისუფალო საქართველოს მოქალაქენო! მიიღეთ ჩვენი თანადგომა და მზრუნველობა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრები მრავალათასიანი ქრისტიანული ქართული თემის სახელით. ჩვენი მზერა ეს დღეებია შეუჩერებლად მოპყრობილია სამართლიანობისათვის მებრძოლი თქვენი მამაცი და მგრძნობიარე გულებისაკენ. ჩვენი მზერა და მწუხარება მოპყრობილია უმწიკვლო ჭაბუკთა სასიკვდილოდ დასერილი გულების თანა განგმირული თქვენი გულებისაკენ! ასევე მოგმართავთ იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა ხელებმაც შეაჩერეს მათი თანატოლების სიცოცხლის მოტრფიალე გულისცემა: ამაღლდით ყოველგვარ ეგოისტურ გრძნობაზე მაღლა და გააღვიძეთ შვილებში დანაშაულზე პასუხისმგებლობა! ნუ აქცევთ თქვენს შვილებს მოარულ ხიზნებად და მათივე ბოროტების მსხვერპლად! გამბედაობას გვაძლევს ჩვენ ბატონ ზაზა სალარიძის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადება, რომ არ სურს მისი შვილის მეგობრები უსამართლობის განცდის მიზეზით დაადგნენ შურისძიების გზას. მოგმართავთ ხელისუფლებას, დაიცავით და აღადგინეთ ხალხში სამართლიანობის განცდა, რადგან უსამართლობა შობს სიძულვილს და მსხვერპლს. შეძრწუნებულო საქართველოს შვილებო, იყოს მეფობა თქვენს გულებს შორის სიყვარულის და სამართლიანობის შემოქმედი ღმერთის, _ აღნიშნულია მეუფე ზენონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.