ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში გამავალი მდინარე აჭისწყალი, რომელიც ათეულობით ხევს აერთიანებს და სიგრძით 25 კილომეტრია, ყოველთვის აყენებდა უდიდეს ზიანს სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე მოსახლეობას; ისინიც მუდამ მიმართავდნენ ხელისუფლებას სასწრაფო ღონისძიების გატარების მოთხოვნით.
_ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად, მდინარის გასწვრივ სხვადასხვა ადგილებში 405 მეტრი სიგრძის გაბიონი გაკეთდა, რომლის ღირებულებაც 227 000 ლარი იყო, დღეს მაინც სავალალო მდგომარეობაში ვართ. ახლახან ე. წ. გასწორხაზოვნების სახელით ჩატარებული სამუშაოებით, თითქმის საუკუნის წინანდელ შენაკადს უმიზეზოდ გამოუთხარეს ძირი. ბუნებრივია, წყალმა დიდ კალაპოტში გადაინაცვლა და ხსენებული შენაკადის იმედად მყოფ 15 ოჯახს საარსებო წყარო დაგვიშრეს. გასწორხაზოვნება კი არა, გაუკუღმართებული საქმით ლუკმა წაგგვლიჯეს პირიდან. ამ ისედაც გაჭირვებულ დროში, ადამიანს რომ ასე მოექცევი, შენ მდინარის კალაპოტის დარდი გაქვს? ამას რად უნდა სპეციალისტის ანალიზი და თავის მტვრევა, უბრალო გლეხი მიხვდება, _ გვეუბნება სოფელ ლიხაურის მკვიდრი ილია დონაძე.
მართლაც, სოფელ ლიხაურში, გაბმულ ხიდთან მდებარე აჭისწყლის კალაპოტის მარცხენა მხარეს, სადაც შენაკადის ადრინდელი კალაპოტის კვალი და კაპიტალურად ამოშენებული ჩამკეტი მოწყობილობაც კარგად ჩანს თავისი ფარით, ამჯერად, როგორც სამეზობლოს წევრები ამბობენ, “დაყრუებულია”.
_ ასე დაადუმოს მამაზეციერმა ამ საქმის მომწყობი! დიდ და საერთო საქმეს რომ ხელს უშლიდეს, ჩვენ წავიდოდით ამ ჩვენთვის საზიანო დათმობაზე, მაგრამ ადგილზე მოსული ადამიანი, დიდი დაკვირვების გარეშეც მიხვდება, რომ გულგრილმა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებით მიდგომამ ეს შედეგი მოგვიტანა. აქ, ამ შენაკადის გასწვრივ მდებარე ოჯახების უმეტესობას სათევზე მცირე მეურნეობა და წისქვილები აქვთ. ახლა ყველა წისქვილი დადუმებულია, თევზი იხოცება ან ყვავებს მიაქვს. ამას კაცმოძულეც არ იზამს, _ ამბობენ აქ მცხოვრებლები.
მართლაც, შენაკადის გაქრობის შემდეგ, აქ არსებული თევზის აუზების უმეტესობა, ჭაობად არის ქცეული, ზოგი მთლიანად დაცარიელებულია.
ერთ-ერთი დაზარალებული მცხოვრები, მაგული შილაკაძე გვიამბობს, რომ “ბოლო სამუშაოების დროს, ივლისში, თავდაპირველად არავის უთქვამს, რომ არსებულ შენაკადს, რომელიც, სულ ცოტა, არსებობის 70 წელს ითვლის, რაიმე დაემუქრებოდა. ვიცოდით, რომ გასწორხაზოვნების სამუშაო მიმდინარეობდა. დაასრულეს თუ არა სამუშაო, გავიხედე და სადაა წყალი?! ჯერ ერთი, მდინარის ადიდებისას, წყალი მაინც შემოდის ეზოებში. რა გაასწორეს, იქნებ, აგვიხსნას ვინმემ?! მეორეც, ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ შეიძლებოდა ისე გაკეთება, არც წყალი შემოსულიყო და ის შენაკადიც არ გადაეგდოთ ძველი კალაპოტიდან. ადგილზე მოსული უმალ მიხვდება, რა მოხდა აქ. სრული უგულობა და უპასუხისმგებლობაა. ვინ იმუშავა, ან ასეთ ხალხს ვინ ანდობს ასეთი სახის სამუშაოს შესრულებას?! ნუთუ ასე დემორალიზებულია ყველაფერი, რომ ნებისმიერ უვიცს უშვებენ მდინარის კალაპოტთან სამუშაოდ თუ სათამაშოდ? ჩვენმა ოჯახმა შეიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება. ჯერ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, საშველი იქნება. ვითხოვთ, აღგვიდგინონ ეს წყალი. ჩვენ ამ წყალში კი არ ვჭყუმპალაობდით, საზრდოს მომცემი და მომტანი იყო. ძლივს ვარსებობთ, ჩვენს თავს ვპატრონობთ გაჭირვებით და ღვთისგან ბოძებულ წყალს არაფრის გამო რომ გვართმევენ, არაფრის ეშინიათ? თუ ჩვენ გამო სადმე საქმე ფუჭდება, კი, ბატონო, სამი ჭკვიანი კაცი მოვიდეს და გვითხრას, ჩვენ თანახმა ვიქნებით! დაგვეხმარეთ, რომ ეს საქმე მოგვარდეს”, _ ამბობს ქალბატონი მაგული.
ილია დონაძე ამბობს, რომ აუზებში, რომლებშიც ჯერ კიდევ არის დაგუბებული წყალი, კობრის და ქაშაყის სახეობების ლიფსიტებიღა შემორჩა:
_ წყლის დონე ისე დაიწია, რომ მალე დაშრება. მთელი ღამის განმავლობაში ყანჩები და ყვავები დაფრინავენ, რაღაც მოშავო ფრინველებიც არიან და დარჩენილ თევზებზე ნადირობენ. შუაღამისას ვდგები და ვუყვირი. სანამ წყალი სულ დაშრება, იქნებ, შენაკადი აღგვიდგინონ და თევზის მცირე ნაწილი მაინც გადავარჩინო ასეთი დარაჯობით. იქნებ, მერე კვლავ გამრავლდეს, _ იმედს არ კარგავს ილია დონაძე.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურებს.
_ ამ საკითხის ირგვლივ ახლახან, როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტის მერთან განცხადებით იყვნენ შემოსული სოფელ ლიხაურიდან. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ მახსოვს, რომ მან ინფრასტრუქტურის სამსახურს დაავალა, გაეცნოს ამ საქმეს. უმჯობესი იქნება, მათ მიმართოთ, _ გვითხრა ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ “გურია ნიუსთან” აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაეცნობა არსებულ ვითარებას.
_ ამ საკითხის შესახებ ვიცი. მუნიციპალიტეტის მერის დავალებით უახლოეს დღეებში გავეცნობით აქ არსებულ მდგომარეობას და ბუნებრივია, ამ ადამიანების დასახმარებლად უნდა ვიზრუნოთ. ამ კვირაში მივალთ ადგილზე და ვნახავთ, რა ხდება. ისე კი გეტყვით, რომ აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიას არ ჩაუტარებია _ გასწორხაზოვნებითი სამუშაოები აქ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარდა, ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ, _ გვითხრა თემურ გიორგაძემ.