საკრებულოს ბოლო ორი სხდომაა, რაც ლანჩხუთელი დეპუტატები სხდომათა დარბაზში მიკროფონებით ვეღარ სარგებლობენ. როგორც გაირკვა, აპარატურა, რომლითაც მერია და საკრებულო სარგებლობდა, კულტურის ცენტრიდან იყო ნათხოვარი, რომელსაც, თავის მხრივ, იგი კერძო პირისგან ჰქონდა ნაქირავები. ახლა კი მეპატრონემ მისი კუთვნილი ქონება გაყიდა და მერია-საკრებულოც გახმოვანების გარეშე დარჩა.
გარდა აპარატურისა, ლანჩხუთის საკრებულოში სკამის პრობლემაც აწუხებთ. ყოველი სხდომის წინ დამხმარე პერსონალს თავმჯდომარის კაბინეტიდან უწევს სკამის გამოტანა.
„სანამდე უნდა იყოს სამი კაცი ჩემი სკამის ზევით-ქვევით ტარებით დაკავებული. ხომ შეიძლება, ერთი სკამი მიყიდოთ, რომ არ ათრიონ ეს სკამი ჩემი კაბინეტიდან აქამდე და მერე უკან“, _ მიმართა ბესიკ ტაბიძემ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს, როლანდ ლაშხიას. გარდა სკამისა საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო სამსახურის უფროსის წინაშე აპარატურის შეძენის საკითხიც დააყენა: „მართალია მაღალი ხმის ტემბრი მაქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე?“
ამ შენიშვნების ფონზე ბესიკ ტაბიძეს კოლეგებმა ადგილიდან ურეპლიკეს, რომ უმჯობესი იყო, ჯერ სკამის შეძენაზე ეზრუნა.
საბოლოოდ, საფინანსო სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრები დაამშვიდა და განუმარტა, რომ ეტაპობრივად ყველაფერს შეიძენდნენ.