ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის მილიონერი მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიცოლა (მამამისის ძმის ცოლი) ციური ბიბილეიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამიდან სახლის სახურავს მიიღებს.
ბიბილეიშვილი სოფელ აცანაში ცხოვრობს და როგორც მერის წარმომადგენელი ამ სოფელში იზა მათითაიშვილი ამბობს, ამაში გასაკვირი არაფერია.
როგორც გვითხრეს, მათითაიშვილს სტიქიით დაზარალებულთა სიაში საკუთარი ახლობლებიც ჰყავს შეყვანილი:
_ მან დასახმარებელთა სიაში შეიყვანა საკუთარი მაზლი ვალერი ჩხაიძე და მისი ძმის სიმამრი თემურ ტაკიძე, _ გვითხრა წყარომ.
წყაროსვე ინფორმაციით, სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაზიანებული აქვთ. მათ შორის მარინა და ირინა ჩხაიძეები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ავარიულ სახლში წლებია, ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ სახლს სახურავი სრულად გადახადა, დასახმარებელთა სიაში ვერ აღმოჩნდა რუსუდან ჩხაიძეც, რომელიც როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ასკურავას ბებიაა.
მათითაიშვილი ამბობს, რომ სიაში მხოლოდ ისინი ჩასვა, ვინც ნამდვილად დაზარალდნენ სტიქიისგან.
_ კი, ვალერი ჩხაიძე ჩემი მაზლია, თემურ ტაკიძეც ჩემი ძის სიმამრია, ციური ბიბილეიშვილიც ნინო წილოსანის ბიცოლაა და მერე რა? და საერთოდ, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? მითხარით, ვინ გითხრათ? _ გაღიზიანება ვერ დამალა მათითაიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოა და ძალიან დაბალი დონეა ყველგან, მათ შორის, ჟურნალისტიკაშიც.
_ რა ვქნათ, არ ჩაუარა ქარმა არც ციური ბიბილეიშვილის სახლს, არც თემურ ტაკიძის და არც დანარჩენების. რაც შეეხება მარინა და ირინა ჩხაიძეებს, მათ სტიქია არ შეხებიათ _ აქვთ სიძველე. სიძველეზე არავინ დაუფინანსებიათ და ჯერ გაარკვიეთ, ვის როგორ მოუწია დახმარება. ჯერ ერთი, ვალერი ჩხაიძე ჩემი მაზლია, მაგრამ რა ვქნათ, დაემთხვა სახელი და გვარი და ეგონათ, რომ ჩემი მაზლი იყო. ჩემს მაზლს არ მოწევია და არ იღებს და თუნდაც, თუ დაინტერესდება თქვენი მედიასაშუალება, შეგიძლიათ, ამოხვიდეთ და ნახოთ, რა მდგომარეობაშია ვალერი ჩხაიძის სახლი, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ. ისიც გადაამოწმეთ, ვინც თავის დროზე არასწორად მიიღო დახმარება. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ აცანაში ხალხს სამართლიანობა აღუდგა, რომ იცოდეთ.
_ ქალბატონო იზა, თქვენ ნინო წილოსანმა ჩამოგიყვანათ ლანჩხუთში?
_ რა მჭირდა აცანაში ვინმეს ჩამოსაყვანი? ინტრიგნულ შეკითხვებს ნუ მისვამთ! 15 წელი სკოლაში ვიმუშავე. უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი ვიყავი. ვისი ჩამოსაყვანი მჭირს რამე _ ვინ არის ნინო წილოსანი ისეთი, რომ მე აცანაში ჩამომიყვანა. მე აცანაში დავიბადე და გავიზარდე და იქით ჩამოვიყვან ვინმეს.
_ ნინო წილოსანი დეპუტატია და არსებობს ინფორმაცია, რომ მისი კადრი ხართ. რატომ გაგაღიზიანათ ასე ამ კითხვამ?
_ ყველა ვიღაცის კადრია. უბრალოდ, მე გამიწია რეკომენდაცია წილოსანმა.
_ სწორედ ეგ გკითხეთ და რატომ ბრაზობთ?
_ ვიცი, მე თქვენი კითხვები როგორც არის. დავასრულე თქვენთან საუბარი და იქნებ დაინტერესდეთ, მოხვიდეთ, ნახოთ, რა დღეში ვარ. სამი წლის მანძილზე მთელი რაიონი ავაწრიალე, სახლი არ მაქ-მეთქი და ნახეთ, თუ ეკუთვნის ვინმეს ჩემზე მეტი.
_ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ავარიულ სახლში და როდესაც მილიონერი დეპუტატის ბიცოლა შეგყავთ სიაში, იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან მისცენ სახურავი, სწორედ ესაა პრობლემა…
_ რა ვქნა, გადახადა სახურავი და რა მექნა?
_ დეპუტატს არ უთხარით, რომ მისი ბიცოლას სახლი დაზიანდა?
_ ეს საქართველოში ხდება, თორემ რა ვალდებულია ვინმე ვინმეს დაეხმაროს, როცა სტიქიამ სახურავი გადახადა? არ ეკუთვნოდა ნინო წილოსანის ბოცოლას?
_ ჩხაიძეებს არ ეკუთვნოდათ?
_ არა. ის სიძველე იყო. კომისიამ შეამოწმა და მათ ალტერნატიული საცხოვრებელი, ახალი აქვთ ოზურგეთში და არ მიდიან იმიტომ, რომ აქ შეარემონტონ სახელმწიფოს ხარჯზე სახლი.
_ წილოსანის ბიცოლას სახლი თუ რემონტდება სახელმწიფოს ხარჯზე, სხვისი რატომ არ უნდა გარემონტდეს? თქვენი ნათესავის სახლის გადახურვა თუ შეიძლება, ჩხაიძეებმა რა დააშავეს?
_ აცანაში 90 პროცენტი ჩემი ნათესავია და არავის არ ვერჩი. უბრალოდ, მე დავაფინანსე და რეკომენდაცია გავუწიე იმ ხალხს, ვისაც სტიქიამ დაუზიანა სახურავი. ინფრასტრუქტურის კომისიაც იყო მოსული და მათ ნახეს ყველაფერი. არ იცით დეტალები და არ შეიძლება თქვენთან საუბარი, _ კომპეტენცია დაგვიწუნა მათითაშვილმა და არც ის პირები დაგვისახელა, ვინც სახლების დაზიანებების ხარისხი შეამოწმა.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია კონკრეტული სია, შესაბამის კომისიას სოფლის წარმომადგენლებმა მიაწოდეს:
_ ძალიან ბევრი სახლი ვნახეთ, როგორც აცანაში, ისე სხვა სოფლებში. სიმართლე გითხრათ, გადახურვა ყველას სჭირდებოდა, მაგრამ ამას ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა. ამის შემდეგ ჩატარდა თათბირი, სადაც რწმუნებულებს დაევალათ მოეცათ იმ ოჯახების სია, რომლებიც სოციალურად დაუცველები იყვნენ და ძალიან უჭირდათ. ამის საფუძველზე მოხვდა სიაში ციური ბიბილეიშვილი, თემურ ტაკიძე, ვალერი ჩხაიძე. სულ 19 ადამიანის სია წარმოადგინა აცანის რწმუნებულმა და ჩვენ არ გვქონდა იმის შესაძლებლობა გადაგვემოწმებინა მათი სოციალური მდოგმარეობის ნამდვილობა, _ გვითხრეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ ვისი ნათესავია დახმარების მიმღებებიდან:
_ ეს სტიქია ოქტომბერში იყო და ოქმებიც მაშინ შედგა. მე მაშინ მერი არ ვიყავი და დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გიდასტურებთ, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ნამდვილად არიან სახურავის მიმღებთა სიაში, შესყიდვა კი უკვე ტენდერზე დევს, თუმცა, ვინ ვისი ნათესავია ნამდვილად არ ვიცი. აუცილებლად გადავამოწმებ ამ ინფორმაციას, _ აღნიშნა ჩვენთან სარიშვილმა.
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანმა თავდაპირველად გვითხრა, რომ ციური ბიბილეიშვილს არ იცნობდა. მას შემდეგ, კი როცა დავუკონკრეტეთ, რომ მისი გარდაცვლილი ბიძის მეუღლეზე ვსაუბრობთ, გაახსენდა და აღნიშნა, რომ გვარი არ ახსოვდა.
_ არაკორექტულია იმის თქმა, რომ რაკი ჩემი ბიცოლაა, სახურავს იმიტომ აძლევენ. არ ვიცი ეს ინფორმაცია და იქნებ გადაამოწმოთ მართლა ხომ არ ეკუთვნის, თუკი აძლევენ.
_ ქალბატონო ნინო, თქვენს ბიცოლაზეა საუბარი…
_ იმიტომ რომ ჩემი ბიცოლაა, მაგის გამო ხომ არ დაიჩაგრება ადამიანი, თუ კანონით ეკუთვნის?
_ იცით, რამდენ ადამიანს ეკუთვნის ყველა წესით და კანონით და ვერ იღებს? ბიცოლათქვენს რომ მაინც დაეხმაროთ პირადად, არ შეიძლება?
_ მე არ ვერევი მაგ სახურავების თემში და გავერკვევი. ისე, იმ მიმართულებით კითხვის დასმა, რომ ჩემს ნათესავს რატომ დაეხმარნენ, არასწორია.
_ ქალბატონო ნინო, იმ სოფელში ბევრ ეკუთვნოდა დახმარება, მაგრამ რატომღაც დარჩნენ დახმარების გარეშე, რადგან თქვენი რეკომენდაციით დანიშნულმა რწმუნებულმა სია ისე შეადგინა, როგორც სურდა..
_ ჩემი რეკომენდაციით? ასე ამბობს? კარგია, თუ ასე ამბობს. მე არ ვარ საქმის კურსში მართლაც. თუ რაიმე კანონდარღვევით არ ხდება, მგონი, არც პრობლემაა. ჩემი ნათესავი სახელმწიფოს სხვა სიკეთეებსაც იღებენ, საყოველთაო ჯანდაცვითაც სარგებლობენ და იმიტომ რომ ჩემი ნათესავები არიან, არ ეკუთვნით? _ აღნიშნა დეპუტატმა, რომლის თქმით, მისთვის და ბიუროსთვის აცანიდან არავის მიუმართავს დახმარების თხოვნით.
შენიშვნა: ეს ფოტოები გამოთხოვილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სწორედ ამ ფოტოების და რწმუნებულის რეკომენდაციის შემდეგ გაიცა დახმარება.