ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ FBI გამოძიებას მასზე არ ატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, როგორც ტრამპმა NBC NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მას ამის შესახებ FBI -ის ყოფილმა დირექტორმა გამართულ სადილზე თავად უთხრა.
„მე ვკითხე ქომეის, თუ არის შესაძლებელი, მითხარი, მიმდინარეობს თუ არა ჩემზე გამოძიება? მან კი მიპასუხა რომ არა, შესაბამისად, ვიცი რომ გამოძიება ჩემს ირგვლივ არ ტარდება,“_განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა რომ თეთრ სახლში გამართულ სადილზე ქომეიმ მას სამსახურში დატოვება სთხოვა.
თუმცა, FBI-ის ყოფილ დირექტორთან დაახლოებული პირის განცხადებით, ქომეის არ უთქვამს, რომ პრეზიდენტის ირგვლივ გამოძიება არ ტარდება და მისთვის არც სამსახურში დარჩენის თხოვნით მიუმართავს.
NEW YORK TIMES-ის ინფორმაციით, სადილზე მყოფი რამდენიმე ადამიანის თქმით, ქომეიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან პატიოსანი იქნებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თეთრი სახლი უარყოფს რომ ტრამპის საუბარი შესაძლოა არასწორი იყოს.
„ვერ ვხედავ ინტერესთა კონფლიქტს,“_განაცხადა სპიკერმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რეკომენდაციების მიუხედავად ქომეი საკუთარი სურვილით გაათავისუფლა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავირებული გამოძიების დაჩქარება სურს.
„მინდა მალე გაირკვეს არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემა, იყო მანდ ჩარეული რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა თუ არა“ , _ განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მასა და რუსეთს შორის კავშირი არ არსებობს.
„მე არაფერს ვაკეთებ რუსეთში, იქ არ მაქვს ქონება, არ მაქვს ინვესტიცია,“_აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიება ერთ-ერთი ყველაზე პატარა რამეა რაც FBI-ის აქვს, თუმცა FBI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ენდრიუ მაკკაბის თქმით, აღნიშნული გამოძიება მნიშვნელოვანია.
FBI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პირობა დადო, რომ გამოძიებაში ნებისმიერი ჩარევის მცდელობის შესახებ სენატს აცნობებს.
მისივე თქმით, გამოძიების დეტალების შესახებ საუბარი არ შეუძლია.