83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.
“მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე.
ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში.
ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში.
აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ… მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს.
ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში.
მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ… ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი.
ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს.
“მე არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“
ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა.
“10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას“.