მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიშა, მიშა“.
ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. მან აქციის ორგანიზატორობა უარყო.
„მე მოვედი, მოვუწოდე, რომ არ შეიძლება ერთად ამდენი ხალხის შეკრება. დღეს დილიდან სახლში ვიყავი, „ფეისბუქის“ მეშვეობით ვნახე, რომ ჩვენი ხალხი გამოვიდა გარეთ. ვერ გეტყვით, როგორ მოხდა რომ აქ მოვიდნენ და ა.შ. მე გამოვედი მარნეულიდან. სანამ აქ მოვედი, დავინახე, რომ აქ უკვე არის შეკრებილი ეს ხალხი და ჩვენი „წარმომადგენლები“ გამოვიდნენ. ამ ხალხს უწოდებენ, რომ ესენი არიან არტისტები და ვითომ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.
რაც შეეხება საკითხს, რატომ ისმოდა აქციაზე შეძახილები „მიშა, მიშა“, იმამკულიევმა განაცხადა: „შესაძლებელია, მაგრამ ეს მე არ მეხება. ეს ხალხს უნდა კითხოთ, რატომ იძახიან. მე პირველივე წამიდან ვუთხარი, არ გინდათ პოლიტიკური ვიღაცის სახელი. ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მოსავალი გვაინტერესებს და ხალხის შემოსავალი გვაინტერესებს და დღესდღეობით მოსახლეობა, პოლიტიკა არ ხდება აქ, ჩვენ პოლიტიკას ვაკეთებთ არჩევნების დროს“.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი.
„ხალხი ნახეთ, რა დღეშია. აუცილებლად უნდა გაიხსნას ეს გზა. ქვეყანაში ვიცი, რა პრობლემები არის, როგორი სიტუაცია არის, მაგრამ მიწაზე დარჩა ყველაფერი. ეს ხალხი 24 საათი მიწაზე მუშაობს, ბანკზე არის ყველანი და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ არის ამ ხალხზე. ეს ხალხი რა შუაშია, მანქანები რა შუაშია“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არ იცის, ვისი ორგანიზებით გაიმართა აქცია.
„არ ვიცი, ვისი ორგანიზებულია, ამხელა ხალხი თვითონ მოვიდა. არც ოპოზიციის, არც პოზიციის ორგანიზებული არაფერი არ არის. ხალხი თვითონ მოვიდა, რადგან მშიერია, ლუკმა პურის გარეშე დარჩა ეს ხალხი“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
წყარო:1tv.ge