მიწის რეგისტრაციის პროცესი მარტივდება. რეფორმის მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას თავად განახორციელებს. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების უქონლობის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და დაუბრკოლებლად შეძლებენ.
საპილოტო პროექტი წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში განხორციელდება.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. 180 000-მდე რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა უკვე დაასრულა. რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციების საპილოტე პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება.