ოზურგეთში, განსაკუთრებით, ბაზარში, უამრავი მიუსაფარი ძაღლი აფარებს თავს, აქ დასაქმებულთა უმრავლესობა კი შველას ითხოვს.
ზოგადად, ქალაქში, სხვადასხვა ქუჩისა და უბნის მიხედვით, ძაღლების სხვადასხვა ჯგუფია თავმოყრილი. რატომღაც, უკვე ასეთი ტენდენციაც კი ჩამოყალიბდა _ მაგალითად, ე. წ. “ვალუტის ბირჟაზე” ძაღლების საკმაო რაოდენობაა თავმოყრილი და ისინი დილაადრიან გამაყრუებლად ყეფენ. ეს ხდება მანამ, სანამ ვინმე არ გამოჩნდება და მათ საკვებს (პურს) არ მიაწვდის.
უამრავი მიუსაფარი ძაღლია, ასევე, ჭავჭავაძის ქუჩის ოთხ ნომერ საცხოვრებელ კორპუსთან, შიდა ეზოში. უმეტესად, აქ, სადარბაზოებს აფარებენ თავს. კორპუსში მცხოვრებლები ხშირად ზედა სართულებიდაც უყრიან საკვებს. თუმცა, ბევრს ეშინია და არაერთხელ დაურეკავთ შესაბამის სამსახურში, რომ სადარბაზოებში ძაღლებს “ბუნაგებივით” აქვთ მოწყობილი კუთხეები და რამდენჯერაც უნდა გამოაგდონ, მაინც იქ შედიან. ხალხს კი ეშინია და სამსახურში თუ ბაზარში წასვლისას ან შინ დაბრუნებისას, საკმაოდ დიდხანს დგანან და ცდილობენ, ძაღლები დაყვავებით გაიყვანონ კიბეები სივრციდან, რომ საფრთხე თავიდან აიცილონ.
_ მე ზემოდან ძაღლებისთვის არასდროს გადმომიყრია საკვები. მუდამ დაბლა ჩამოვდივარ და აქ ვუნაწილებ. ძალიან მებრალებიან. ერთი მოკვდა ადრე. ალბათ, ყველას გახსოვთ, ვტიროდი. ზოგჯერ აგრესიული ძაღლებიც გამოერევიან ხოლმე. ასეც ხდება, _ გვეუბნება ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები გულსუნდა მახარაძე.
ასევე, აქ მცხოვრებთა სახელით, არაერთხელ მოგვმართეს დახმარებისთვის ლილი დოლიძემ და გულო საღინაძემ, რომ ძალიან ბევრი ძაღლია ამ სივრცეში და როგორმე ან უნდა წაიყვანონ, ან ვინმე უსაფრთხოებაზე გახდეს პასუხისმგებელი.
_ ჩვენ არასდროს გვენანება მიუსაფარი ძაღლებისთვის პურის მიწოდება. თუმცა, ასე ცხოვრებაც არ შეიძლება. უკვე ძალიან ბევრმა მოიყარა თავი და ეზო თავშესაფარს ჰგავს. მარტო პურის მიწოდებაზე ხომ არ არის საქმე?! _ პირველ რიგში, უსაფრთხოებაა მთავარი. შემდეგ კი, ანტისანიტარიაც სუფევს. ამდენ ძაღლს ერთი მომვლელ-დამლაგებელი ცალკე სჭირდება. ამასთანავე, ამ კორპუსის ეზოდან, მოკლე გზით, აქვე მდებარე თაღის მეშვეობით, საიდანაც თეატრის მოედანზე გადიან, უამრავი ადამიანი მოძრაობს. რამდენი შემთხვევა იყო, როცა ამ ხალხს ძაღლები გამოეკიდნენ და ბავშვები განსაკუთრებით, კივილით გარბოდნენ, _ ამბობენ ისინი.
როგორც უკვე თქვით, ძაღლები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან ოზურგეთის ბაზარში. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, აქ მომუშავე ადამიანები ჟურნალისტებს და რედაქციას უფრო მეტად მომართავენ დახმარებისთვის, ვიდრე შესაბამის სამსახურებს.
_ ვის ვუთხრათ? არავინ არაა ჩვენი მშველელი. ერთხელ 112-ში დავრეკეთ და მოვიდნენ, თუმცა, ეს ძაღლები ადგილზე დატოვეს. ჩვენ რად გვინდა იმის სწავლება, რომ მოვეფეროთ და პური ვაჭამოთ? რომ არ ვაჭმევდეთ, ამდენ ხანს ჩვენ შეგვჭამდნენ. არაერთხელ დაკბინეს აქ ადამიანები. განსაკუთრებით ავი და საშიში ერთი შავი ძაღლია. ყელზე და მუცელზე თეთრი ზოლებით. ახლახან ორი ადამიანი დაკბინა. არის კიდევ რამდენიმე საშიში ძაღლი. სანამ ვიყვიროთ, კიდევ უნდა დაკბინოს ხალხი? _ გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში და აქვე განლაგებულ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული ადამიანები.
_ ეს ძაღლი ჩვენია! არავინ შეეხოს! _ გვითხრა ერთ-ერთ დახლთან მდგომმა ქალბატონმა.
_ მისი თუ არის, შინ წაიყვანოს. სახლი აქვს, კარი აქვს, უკეთესად მიხედავს, _ არ ცხრებიან დანარჩენი გაბრაზებული ქალბატონები.
_ მიუსაფარი ძაღლების თემა ახალი არაა. ავად თუ კარგად, აქამდე ძაღლებს იქეთ ვაპურებდით და ასე ვიცავდით. ახლა ადამიანი გახდა სერიოზულად დასაცავი ძაღლისგან. ამ მიუსაფარ ძაღლებში, შესაძლოა, ბევრი არა, მაგრამ არიან საკმაოდ აგრესიული ძაღლები. არც ისე იშვიათად არის ადამიანის დაკბენის ფაქტები. სხვა თემაა, ვთქვათ, ცოფით დაავადებული ძაღლი, რომლის განეიტრალებაც უნდა მოხდეს. აგრესიული ძაღლები კი, უნდა განთავსდნენ შესაბამის სპეციალურ სამწყვდევში ან სადმე. ამ ყველაფერს მოფიქრება უნდა. თავის მართლება იმით, რომ მსოფლიოში არსადაა მუდმივი თავშესაფარი, საქმეს ვერ უშველის. გაივსო ქალაქი ძაღლებით. ბევრი საუკეთესო ჯიშის ძაღლიც არის მათ შორის. საკვირველია, რატომ სჩადიან ადამიანები ამას. რატომ შემოჰყავთ ქალაქში და ტოვებენ. იქნებ, ვიდეოთვალის მეშვეობით ან რაიმე საგანგებო მიდგომით, მოხერხდეს და დაჯარიმდეს ან რაიმე ვალდებულება დაეკისროს მას, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, _ ამბობს ოზურგეთელი ნუგზარ ქერქაძე.
_ ძაღლების პრობლემა ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის მოგვარებული. უამრავი აგრესიული ძაღლი დადის ქალაქში. საკმაოდ გაზრდილია მათი რიცხვი. პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია უნდა ეცადოს, მოაგვაროს ეს პრობლემა. ნაწილობრივ კი არა, როგორც ახლაა, არამედ სრულფასოვნად და წესიერად. ხელფასები ხომ საკმაოდ გაიზარდეს? თქვენ თუ გინახავთ, სხვადასხვა უბნის ძაღლები როგორ ჩხუბობენ? ასისხლიანებენ ერთმანეთს. ასეთი ტენდენციაც ჩამოყალიბდა. მაგალითად, დააკვირდით, დილით, ოზურგეთის ბაზრიდან ამოსული ძაღლები და გურიის ქუჩის დასაწყისში, “ვალუტის ბირჟაზე” მყოფები, როგორ დაერევიან ხოლმე ერთმანეთს. ერთი გამშველებელი არ ჰყოფნის. ძაღლის მოკვლა რომ არ შეიძლება, ვიცით, ბატონო, ადამიანივით უნდა გავუფრთხილდეთ. მაგრამ უნდა მოხდეს იზოლირება. ყველა არ არის აგრესიული, თუმცა, რომელიც არის, მკითხაობა დავიწყოთ, როდის გვიკბენს და როდის არა? ახლა ზაფხული მოდის. როცა დაცხება, საფრთხე გაიზრდება. ერთმა რომ უკბინოს ვინმეს, მერე აცრების ჩატარება გახდება საჭირო. ვინ უყურებს, ან როგორ უნდა მივხვდეთ, ცოფიანი იყო თუ არა? დაველოდოთ სიმპტომებს? მანამდე ადამიანი ხომ მოკვდება?
დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და დროზე მიხედონ ამ საქმეს. ცნობილი აზრია, ძაღლი სამი დღე იმახსოვრებს, ვინ უყვირა და გაუჯავრდა. სამი წლის განმავლობაში კი ის ახსოვს, პური ვინ აჭამა. ვთქვათ და ადამიანი გაუჯავრდა. ყველას ხომ ვერ მოთხოვ ძაღლთან ქცევის ნორმების დაცვას. შემდეგ რომ დაკბინოს? ვიმეორებ, ძაღლების მისახედად სერიოზული ძალისხმევაა საჭირო და არ შეიძლება ასე ღვთის ანაბარად იყონ ქალაქში მიტოვებული, უფრო სწორად, მიგდებული, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ოზურგეთელი მამუკა გოგუაძე.
მიუსაფარი ძაღლების თაობაზე და განსაკუთრებით, ოზურგეთის ბაზარში არსებულ მდგომარეობაზე, “გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის უფროსს, გია ანთაძეს ესაუბრა:
_ ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. წავიყვან ბრიგადას და თუ ძაღლი ადამიანებს ერჩის, დასდევს ან დაკბინა, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებას. ისე კი, გეტყვით, რომ გვქონდა ასეთი შემთხვევაც _ შეგვატყობინეს, ძაღლმა ადამიანი დაკბინაო, ავიაო… მივედით და იქ მომუშავე ადამიანებიდან, ზოგმა თავი გამოიდო, ამ ძაღლს არ შეეხოთო. ზოგჯერ ადამიანები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან ან ადგილზე როცა მივალთ, არაადეკვატურად იქცევიან… _ გვითხრა გია ანთაძემ.
აქვე უცნაური მოსაზრებაც მოვისმინეთ _ ბაზარში მომუშავეთა ერთი ნაწილი მეორეს აბრალებს, რომ ძაღლს ზოგი სპეციალურად იჩვევს. მერე დახლებს შორის გასასვლელ სივრცეში, დასაწყისში აჩერებს, აწვენს, რომ იქით მომხმარებელი არ შევიდეს.
_ მიიჩვევენ, დასვამენ გასასვლელის თავში და მოსულმა “კლიენტმა”, გინდა თუ არ გინდა, მათი საქონელი უნდა იყიდოს. შემოსული ადამიანი, მომხმარებელი, ძალაუნებურად, გვერდს უვლის იმ შესასვლელს, სადაც დასაწყისშივე უზარმაზარი შავი თუ თეთრი ძაღლი ზის. თქვენ რომ იყოთ, არ შეგეშინდებათ? არ მიბრუნდებით უკან? _ ასეთი კითხვა დაგვისვა ერთმა ქალბატონმა.
ჩვენი მიმართვიდან მეორე დღეს, ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის უფროსი გია ანთაძე თავად დაგვიკავშირდა:
_ ჩვენ მივედით ოზურგეთის ბაზარში. აგრესიული ძაღლები გადავიყვანეთ შესაბამის თავშესაფარში. მოხდება დაკვირვება. თუ საჭიროა, ჩაუტარდებათ მკურნალობაც. ძაღლი თუ დაავადებულია ცოფით, შესაბამისი ღონისძიებაც უნდა გატარდეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმი გააკეთოთ. როგორც თქვენთვის, ასევე, ჩვენთვისაც ცნობილია ქალაქში ძაღლების მომრავლების შესახებ. ვიცით, რომ აგრესიულებიც არიან მათ შორის. მეტ ყურადღებას და დახმარებას ვთხოვთ მოქალაქეებს, რომელთა გვერდითაც ამ ძაღლებს უწევთ ყოფნა, _ გვითხრა ბატონმა გიამ.
ჩვენ ისევ მივადევნებთ თვალყურს ოზურგეთში არსებული ამ უმწვავესი პრობლემის მოგვარების საკითხს, რაც განსაკუთრებით ფეხით მოსიარულეებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს.
ავტორი