„გუშინდელი მინი-ფილმის გადაღებიდან – ,,ზურიკოს კალანდა” – რომელზეც მე და ნათელა გრიგალაშვილი ვმუშაობთ, ფოტოები გამოვაქვეყნე. მათ შორის დაკლული ღორის გაპუტვის სცენაც არის – ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად არანატურალისტური ხედით. ეს სცენა ფილმშიც იქნება. წავიკითხე ორი-სამი გამოხმაურება და მივხვდი, როგორ ავცდით სოფელს, როგორ დაიკარგა ის ჩვენი ფიქრის რუკაზე და გამოგონილ გზას მხოლოდ ბუხართან მივყავართ, სადაც ბებია ზის და ჩურჩხელას გვაჭმევს.
არა, მარად ძვირფასო მეგობრებო, სოფელი ჩურჩხელა არ არის. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სოფელი ჩურჩხელა იშვიათად გახლავთ.
სოფელი ის სისხლიანი ტალახია, ღორის დაკვლის მერე, ფეხზე რომ მოგეცხება და გაყინული წყლით ძნელად იშორებ.
ის ღორის საზარელი ჭყივილიც არის სოფელი, მე რომ ვერ ვუძლებ და მთელი ბავშვობა ყურებში თითებს ვიცობდი. ვიცობდი, მაგრამ მაინც ჟონავდა და მერე მესიზმრებოდა. მომწონს? არა, არ მომწონს. მაგრამ ფოტო, ფილმი, სიტყვა უნდა ასახავდეს ყველაფერს. მათ შორის იმას, რაც შეიძლება გძულდეს კიდეც. კანფეტების ადგილი სხვაგან არის. ის ხალხიც ძალიან საყვარელი და ტკბილია, ვინც თავს ამ კანფეტით იტყუებს და სხვასაც ატყუებინებს, მაგრამ სოფლის სიმართლე, ეგეთი ბაიათებით ვერ იმღერება.
ჰოდა, სოფელი ის სუნიც არის, მდუღარე წყლის გადასხმის მერე, გაპუტული ღორის ბეწვის და ჭონჭყოს არევისას რომ დგება.
ის სისველეც არის, გახეულ კოლოშშიც (ვიცით მისი ქართული შესატყვისი) რომ უცებ შეამჩნევ და მერე ამ სისველეს, ადესისგან გაბრუებული, სადღაც შორს გრძნობ, მაგრამ მაინც ცივდები.
სოფელი ამ ამბების გაძლების ხელოვნებაა დღემდე. ეს გამძლე ადამიანები უნდა შეამჩნიო და გიყვარდეს. ეს გაძლება რომ უხარიათ – ის ადამიანები.
თორემ ჩურჩხელის სიყვარულს რა უნდა“,_ აღნიშნული სტატუსი სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ნათელა გრიგალაშვილმა და გიორგი კეკელიძემ მინი-ფილმების გადაღება დაიწყეს ადამიანებზე, რომელსაც მერე წიგნიც მოჰყვება.
მინი ფილმების გადაღება საქართველოს ათი სოფელშია დაგეგმილი.
პირველი გმირი კი ზურიკო სიხარულიძე გახლავთ ბუკისციხიდან.