ცნობილ ამერიკელ რეჟისორს ოლივერ სთოუნს მძიმე და უკომპრომისო ხელოვანის რეპუტაცია აქვს. როგორც ამბობენ, მასთან ფილმში გადაღება ომში მონაწილეობის ტოლფასია, სამაგიეროდ, ყველას ეძლევა შანსი, რომ სახელი გაითქვას. ,,თუ მე მართლაც ასეთი ურჩხული ვარ, რატომ მითმენენ ამდენ ხანს?”_ კითხულობს რეჟისორი მორიგი ბრალდების წაყენების შემდეგ. ბევრი ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ კარგად იცის სთოუნის პოლიტიკური მიდრეკილებანი, მას ,,მემარცხენეს” ეძახის, სხვები კი საპირისპიროდ მას ,,მაჩო მემარჯვენეს” უწოდებენ. რეჟისორის თქმით კი, თუ რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის ან პარტიის, მნიშვნელობა არა აქვს მემარცხენეა ის თუ მემერჯვენე, სიტყვას ან ქმედებას რაიმე მნიშვნელობა აქვს მისთვის, სთოუნი მას უსმენს და იზიარებს. ,,მე ცვლილება მჭირდება, მაგრამ ეს საღი აზრის ცვალებადობა უნდა იყოს”, _ ამბობს რეჟისორი. სთოუნი იმ ხელოვანთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მძიმეწონოსანი პოლიტიკოსის გავლენა აქვს, რომელსაც პატივს სცემენ, ამავე დროს ეშინიათ, ეჯავრებათ, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით უსმენენ.
მას ეძახიან კინო ისტორიკოსს, რასაც ის არ ეთანხმება. თავისი ფილმების სტილს ის აღწერს, როგორც ამბივალენტურსა და სტილისტურად ცვალებადს. ,,მე ვაგრძნობინებ ადამიანებს რომ ისინი ფილმებს უყურებენ.” ის სვამს შეკითხვებს, მაგრამ საბოლოო პასუხებს ვერ გასცემს რადგან, მას არა აქვს იმის პრეტენზია, რომ მის მიერ ნაჩვენები ესა თუ ის ამბავი ისე მოხდა, როგორც ოფიციალურ ისტორიოგრაფიაშია მიღებული. მაგრამ მისი ფილმები მოუწოდებენ რათა ისტორიას ხელახლა გადახედონ, რადგან ,,ჩვენ ყველანი ყალბი ისტორიის მსხვერპლნი ვართ”, -ამბობს რეჟისორი.
საკუთარ თავს იგი უწოდებს ერთი ადამიანის არმიას, მთელი მსოფლიო კი საბრძოლო მოედნად მიაჩნია. თუ როგორი გავლენით სარგებლობს სთოუნი დღევანდელ ამერიკულ საზოგადოებაში, კარგად მეტყველებს მისი ფილმები. 2003 წელს რეჟისორმა ამერიკის სამთავრობო წრეებისათვის მიუღებელ ფიგურაზე ფიდელ კასტროზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,კომანდანტე”, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია (2017 წელს კი ვლადიმერ პუტინზე ოთხსაათიანი დოკუმენტური ფილმი შექმნა, რომლის ყურებისას თურმე პუტინს ჩაეძინა). ალბათ სხვა რეჟისორი ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. როდესაც სთოუნმა დადგა ფილმი ჯონ კენედის მკვლელობაზე ,,JFK”, მთავრობა იძულებული გახდა კიდევ ერთხელ დაეწყო პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული სპეციალური გამოძიება, იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ ფილმს. ,,JFK” ახალი ეტაპია ჩემთვის ფილმების კეთებაში, -ამბობს ხელოვანი,- ფილმი არ არის მხოლოდ კენედის მოკვლის შეთქმულებაზე, ის გვიჩვენებს თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ უახლეს ისტორიას”. 1994 წელს ტარანტინოს სცენარის მიხედვით მან გადაიღო ,,დაბადებულნი მკვლელებად”, თუმცა, თვით ტარანტინო ავტორობაზე უარს აცხადებდა. პრესა წერდა რომ კინო არასოდეს ყოფილა ასეთი სასტიკი და სისხლიანი, რომ სთოუნმა ცივსისხლიანი და სასტიკი მკვლელები რომანტიულ-გმირული შარავანდედით შემოსა. სთოუნი ამაზე პასუხობდა: ,,ჩემი ფილმი ბევრად უფრო უკეთესია იმ სერიალებზე, სადაც არ არის სისხლი და მოკლულები ისე მოწესრიგებულად ეცემიან მიწაზე, გეგონება თვით მკვლელობის აქტში არაფერი საშინელი არ არის”.
,,მე მჯერა, რომ ყოველი ჩვენგანი მოძალადეებად ვართ დაბადებულნი _ ამბობს სთოუნი, _ ჩვენ ბუნებით აგრესორები ვართ”. ამ სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან თუ გადავხედავთ ცივილიზაციის ისტორიას, ეს მუდმივი ომებისა და სისხლისღვრის ქრონიკაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეომებოდნენ ქვებით, ხელკეტებით, ხმლებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ატომური ბომბებით. ცივილიზაციის ისტორიაში მშვიდობიანობის წლები თითზეა ჩამოსათვლელი. ალბათ, ადამიანში ჩაბუდებულია ლტოლვა სისხლისღვრისადმი, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევს და უბიძგებს ძალადობრივი ქმედებისაკენ.
2011 წლის ოქტომბერში ნიუ იორკის ფორდემის უნივერსიტეტში გაიმართულ საჯარო ჰუმანიტარული ფორუმზე On Law, culture and society, მიწვეულნი იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ფორუმზე, რომელიც ყოველ დღე იმართებოდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება, სტუმრის მოსმენა და შეკითხვების დასმა. ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ ოლივერ სთოუნი, ვისი ნახვის შანსიც ხელიდან არ გავუშვი. პირად საუბარში რომელიც მისი წიგნის Oliver Stone’s America ხელმოწერაზე შედგა მას გურულ მოჯირითეებზე დაწერილი ჩემი წიგნის ინგლისური ვარიანტი ვუსახსოვრე და შეკითხვა დავუსვი. ,,თქვენი ბევრი ფილმი ძალადობაზეა დაფუძნებული. იქონია თუ არა თქვენზე გავლენა სემ ფექინფამ? სთოუნმა მიპასუხა: ,,უდაოდ, მან ბევრზე იქონია გავლენა. ის მაგარი კაცი იყო”. ცნობისათვის: ამერიკელმა კინორეჟისორმა, მეამბოხე და ნოვატორმა ხელოვანმა სემ ფექინფამ უარყო ვესთერნის ჟანრში გაბატონებული დოგმები და დაარღვია ყველანაირი ტაბუ. მან შეცვალადა დახვეწა არა მარტო ვესთერნის, არამედ საერთოდ კინემატოგრაფის სახე. მისი საფირმო ნიშანია ნაგლეჯი მონტაჟი და რაპიდ გადაღება, რომელიც ძლიერ ემოციონალურ ეფექტს ახდენს მაყურებელზე.
სურათს ,,დაბადებულნი მკვლელებად” რეალობაში მიმდევრები გამოუჩნდნენ: ერთი ახალგაზრდა წყვილი დანაშაულს სჩადიოდა ფილმის გმირების მიბაძვით. ერთ-ერთმა მსხვერპლმა, მძიმედ დაჭრილმა ქალბატონმა სთოუნს უჩივლა კიდევაც. პროცესი სამი წელი გაგრძელდა, თუმცა რეჟისორი გაამართლეს. მაგრამ საზოგადოების ნაწილი მისი ფილმების წინააღმდეგ ამხედრდა. რეჟისორის პასუხი ასეთი იყო: ,,თქვენ შეიძლება მე გეჯავრებოდეთ, მაგრამ ჩემი ფილმები აქ არაფერ შუაშია!”
სთოუნი ერთ ინტერვიუში აცხადებდა რომ ფილმის მთავარი ვარსკვლავი ეს რეჟისორია, მსახიობები კი მარიონეტები არიან. ,,ჩვენ მათ ვანებივრებთ. შემდეგ კი ვწუწუნებთ მათი კაპრიზებისა და ამბიციების გამო”_აცხადებს იგი და ნაწილობრივ მართალია. დღევანდელ რეალობაში ხშირად ფილმის ვარსკვლავის ჰონორარი ლამის მთელი ფილმის ბიუჯეტის ნახევარს უტოლდება, რაც თავისთავად ამცირებს გადაღების ხარჯებს და პრობლემებს უქმნის ფილმის შემოქმედებით ჯგუფს. ოლივერ სთოუნი იმ რეჟისორთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს დამხმარეებად იყენებს და არა თანამოაზრეებად. მისთვის სულ ერთია ვინ დგას მის წინ, ვარსკვლავი თუ ახალბედა მსახიობი, ორივეს ერთნაირად თანაბრად ეპყრობა და თუ რაიმე არ მოეწონება, შეუძლია დაუყონებლივ დაითხოვოს იგი, როგორც მოხდა შერონ სთოუნისა და ქევინ ქოსთნერის მაგალითზე.
მომავალ რეჟისორს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან და მას რომ გაცლოდა სამხრეთ ვიეტნამში გაემგზავრა, სადაც ექვსი თვის განმავლობაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. ,,ბოლოს და ბოლოს მე ვიპოვე საშუალება, გამომეხატა მძვინვარება, მამაჩემის დესპოტიზმისა და ტყუილის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს სულში დაგროვდა”,_ იხსენებდა იგი, _ ამას შემდეგ დაემატა კენედის მკვლელობა. მე საბოლოოდ გამიქარწყლდა რწმენა სამართლიანობის მიმართ არა მარტო ადამიანებში, არამედ სახელმწიფოს მიმართაც”. ახალგაზრდა ოლივერი ნარკოტიკებს მიეძალა, მარიხუანას მოწევა დაიწყო და როგორც ამბობენ, ეს ჩვევა დღემდე შეინარჩუნა (მისი ერთ-ერთი ფილმი ,,ველურები” ამერიკასა და მექსიკას შორის უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობას ეხება). თავისი სიცოცხლის მანძილზე იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული ნარკოტიკების გამოყენების გამო. სთოუნი დაბრუნდა ნიუ იორკში, გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ მის ნაწარმოებებს არავინ სერიოზულად არ აღიქვამდა. ამისგან დათრგუნული 1967 წელს იგი მოხალისედ ჩაეწერა ამერიკულ არმიაში, რომელიც მაშინ ომს აწარმოებდა ვიეტნამში. როგორც ამბობენ, ყოველ ბრძოლაში რიგითი ბილ სთოუნი თითქოს სიკვდილს ეძებდა (მისი ნამდვილი სახელია უილიამ ოლივერი. ბილი უილიამის შემოკლებული ვარიანტია). არმიაში მან სახელი იმიტომ შეიცვალა რომ ოლივერი ვაჟკაცურად არ ჟღერდა. სთოუნი ორჯერ დაიჭრა და დაჯილდოვდა მეწამული გულითა და ბრინჯაოს ვარსკვლავით. თავისი შთაბეჭდილებები მან დაუნდობელი ნატურალიზმითა და გულახდილობით გადმოსცა ბრწყინვალე ომის საწინააღმდეგო დრამაში ,,ოცეული”. ფილმმა მიიღო ოთხი ოსკარი, მათ შორის საუკეთესო სურათისა და რეჟისურისათვის. ასევე ვიეტნამთან არის დაკავშირებული დრამა ,,დაბადებული 4 ივლისს”, რომელიც დაფუძნებულია რონ კოვიჩის, პარალიზებულ ვიეტნამის ვეტერანის რეალურ ამბავზე, რომელსაც ვიეტნამში მოხალისედ წასვლა ამერიკის მთავარი კინოქაუბოის ჯონ უეინის ფილმებმა გადააწყვეტინა. წლების შემდეგ კი ინვლიდის სავარძელს მიჯაჭვულმა მან განაცხადა: ,,მე ჩემი მკვდარი პენისი ჯონ უეინისთვის დავკარგე”. რეჟისორი ამბობდა: ,,მე ჯონ უეინის ამერიკული იმიჯისა მჯეროდა. მამაჩემი რესპუბლიკელი იყო და ის მასწავლიდა, რომ ეს იყო კარგი ომი რადგან კომუნისტები ცუდი ბიჭები იყვნენ და ჩვენ მათ წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა… აშკარაა, რომ სინამდვილე განსხვავებული იყო”. საუკეთესო რეჟისურისათვის სურათმა სთოუნს მეორე ოსკარი მოუტანა.
ვიეტნამიდან ჩამოსული იგი შავებში ჩაცმული დააბიჯებდა ნიუ იორკის ქუჩებში, უსმენდა ჯიმ მორისონს და რვა მილიმეტრიანი კამერით აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს. მან ჩააბარა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სადაც რეჟისურას მართინ სკორსეზი ასწავლიდა. მან დაიწყო სცენარების წერა, მის კალამს ეკუთვნის ბევრი ცნობილი ფილმის სცენარი, მათ შორის: ,,ბარბაროსი კონანი”, ,,ნაიარევი სახე”, ,,დრაკონის წელიწადი”, ,,შუაღამის ექსპრესი”. ამ უკანასკნელისათვის სთოუნმა ოსკარი დაიმსახურა.
ოლივერ სთოუნს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს 60-იან წლებთან. ტყუილად კი არ ამბობდნენ, რომ იგი დაქორწინებულია იმ პერიოდზე. რამდენიმე თავისი მნიშვნელოვანი ფილმი მან ამ წლებს მიუძღვნა. მათ შორისაა ,,Doors”, რომელიც ეხება ცნობილი როკ ჯგუფის ლიდერის ჯიმ მორისონის ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი სურათის ცენტრალური ფიგურაა, ფილმის დასრულების შემდეგ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მორისონის შესახებ. ასევე დაემართა რეჟისორის ფილმს ,,ალექსანდრეს”. სამი საათის განმავლობაში მაყურებელი თვალს ადევნებს ალექსანდრეს ცხოვრებას, მაგრამ ვინც ცოტა მაინც არის ჩახედული ისტორიაში მიხვდება, რომ ეს უდიდესი პიროვნება ზერელედ არის დახატული. ცუდად არის შერჩეული მთავარი გმირის შემსრულებელი ირლანდიელი ქოლინ ფარელი. ერთადერთი დასკვნა, რასაც გამოიტანს მაყურებელი არის ის, რომ ბერძნები ძალიან ბევრ ღვინოს სვამდნენ, ოღონდაც არ არის მითითებული წყლით აზავებდნენ მას თუ არა.
სთოუნი შეუბრალებლად ამხელს თავისი ქვეყნისა და საზოგადოების მანკიერ და შავბნელ მხარეებს, იქნება ეს ფინანსური მაქინაციები ფილმში ,,უოლ სთრითი” (ფილმის მთავარი გმირის გორდონ გეკოს (მაიკლ დაგლასი) გამოთქმას ,,სიხარბე კარგია”, ამერიკის ფილმის ინსტიტუტმა 100 ცნობილ კინო გამოთქმას შორის 57-ე ადგილი მიანიჭა); ამერიკელი ჟურნალისტების მოღვაწეობა სამოქალაქო ომის ალში გახვეულ ,,სალვადორში”; ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანი თრილერში ,,მოსახვევი”, CIA-ს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისა თუ ამერიკელი პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა და ჯორჯ ბუში უმცროსის ბიოგრაფიული ფილმები. ამ უკანასკნელზე რეჟისორი ამბობდა, რომ ბუში ვიეტნამში ცოტა ხნით მაინც რომ ყოფილიყო, მას განსხვავებული აზრი ექნებოდა ომზე. სთოუნი რომელიც საკუთარი ქვეყნის მაჯის ცემას ყოველთვის ყურადღებით აკვირდება, ვერ დარჩებოდა გულგრილი 11 სექტემბრის ტრაგედიის მიმართ და 2006 წელს მან ამ ამბავს უინტერესო და პატეთიური ფილმი ,,მსოფლიო სავაჭრო ცენტრი” მიუძღვნა.
ოლივერ სთოუნი ამბობდა: ,,ალექსანდრე მაკედონელი დღემდე ახსოვთ. იგი ადამიანთა მეხსიერებას დაამახსოვრდა მისი მსოფლმხედველობის, მისი შემბრალებლობის, მისი კეთილშობილების გამო. იგი ყველასგან განსხვავდებოდა. ალექსანდრე იყო გენერალი, რომელსაც ძალუძდა დაეტირა ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცები. ასეთი რამ იქამდე არასოდეს მომხდარა. იგი განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის ეხსომებათ”.
ოლივერ სთოუნიც გენერალია, ოღონდაც მისი საბრძოლო ველი ეს გადასაღები მოედანია, მას ჰქონდა ჩავარდნები მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა უკან ტრიუმფით დაბრუნებას.