„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს. ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ.
_ ჩვენ დღევანდელ ბრიფინგზე მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სასიქადულო მამულიშვილს, ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში დაკავებულია, მეგობრებთან ერთად.
თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს, გურიის მოჭიდავეთა მთელ თემს. როგორც ინფორმაციაა გავრცელებული და ვიცით, საქმე ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა თავისი სურვილით. ძალადობა არ ყოფილა. გარდა ამისა, ისინი არ იმალებიან. თავად მივიდნენ პოლიციაში. ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო. გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან. გაათავისუფლონ ისინი. აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს და მიეცეს სპორტული ცხოვრების გაგრძელების საშუალება. ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ.
ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდის შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები არ უნდა შეილახოს.