“მკიდია ეგ მოსამართლე, მაგის დედას… “, _ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას საქმეზე იმ პატრულ-პოლიციელების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს. პატრულის თანამშრომლების განმარტებით, ზვიად კუპრავას მხრიდან სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმას მოჰყვა დაპირისპირება, რის შემდეგაც მათ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი პროცესზე იძულებით შეიყვანეს.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა თავად ზვიად კუპრავამ. მან აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ადგილი აქვს მის პოლიტიკურ დევნას:
“ ვ. ვ ჩემი აქ ყოფნა უკავშირდება იმ პროცესებს და საპროტესტო ტალღას, რაც უკავშირდება ხორავას ქუჩის საქმეს და რამაც შეიწირა მთავარი პროკურორის თანამდებობა. არაერთხელ განაცხადეს, რომ მე მათთვის ვიყავი არასასურველი პიროვნება,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე და დაასახელა ის პირები, რომლებმაც კუპრავას განმარტებით მისი დაპატიმრების სურვილი ღიად გამოთქვეს. ამ კონტექსტში საუბრისას კუპრავამ ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი დაასახელა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად კუპრავას თავდაპირველად გირაოს სანაცვლოდ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა, გირაოს პირობების დარღვევის გამო, 2019 წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას სასამართლომ თავდაპირველი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საფუძვლად კი პროკურატურამ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 19 თებერვალს საქალაქო სასამართლოს ეზოში ზვიად კუპრავასა და ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს. რის შედეგადაც პროკურატურამ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ ახალი სამართლის საქმის წარმოება, ამჯერად უკვე ადვოკატ ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე დაიწყო.