ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვზე ზრუნვა, პირველ რიგში, კარგად დათბუნებული სადგომით და საკვების მომარაგებით უნდა გამოიხატოს. უხეში საკვები, ჩალა თივა თუ სხვა ბალახეული, კარგად გამომშრალი უნდა იყოს. ამასთანავე, გურიის პირობებში განსაკუთრებით, ნესტისგან დაცულ ადგილზე უნდა შევინახოთ. დაობებულ უხეშ საკვებს პირუტყვი არ შეჭამს და რომც შეჭამოს ნაწილობრივ, ფაშვ-ნაწლავებისთვის საზიანოა.
ზამთარში ჯანმრთელ, მეწველ თუ მეხორცული ჯიშის პირუტყვს არ უნდა მიაკლდეს კვება, განსაკუთრებით, თუ ზამთარი ცივი და უხვთოვლიანი გამოდგება.
კვება ძირითადად ასაკის და პროდუქტიულობის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. ზამთარში, სულ ცოტა დღეში ერთხელ მაინც აუცილებელია წვნიანი, კონცენტრირებული საკვები, უხეში საკვების გარდა. სასმელი წყალი, შესაძლოა ბევრი არ დასჭირდეს, როცა წვნიანს აძლევთ, თუმცა, შესაბამისი ჭურჭლით უნდა დავუდგათ. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი.
რაც შეეხება კომბინირებულ საკვებს, თუ წველადობის მომატებაზე ვზრუნავთ, კომბინირებულ საკვებს სიმინდი და ქატო ან ქერი დავამატოთ. თუ პირუტყვი გასასუქებლად გვინდა, მაშინ სიმინდის დამატებაც საკმარისია.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, რაც გაზაფხულზე უფრო სჭირდება ცხოველებს, მოახლოებულ ზამთრისპირსაც უნდა მივმართოთ, გურიაში განსაკუთრებით, რადგან აქ ბევრია ჭაობები, სინესტე და წვიმიანი ამინდებიც არაა იშვიათი. ამიტომ უხვადაა პარაზიტებიც, რომელიც მუდამ ბინადრობს პირუტყვის ფაშვსა და ნაწლავებში. შესაბამისად, პარაზიტების, იგივე ნემატოდების საწინააღმდეგო წამლები გვიან შემოდგომაზე, დეკემბრის დასაწყისშიც უნდა მივცეთ პირუტყვს, როგორც აბების სახით, ისე ინექციური მეთოდით. წამლების შეძენა ყველა ვეტაფთიაქშია შესაძლებელი, სადაც შესაბამის კონსულტაციასაც გაგიწევენ.