_ვანდალური აქტი როცა მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი.
_თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა, გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“… მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში. მართალია, ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში, თანხები და მობილიზება სჭირდება, თუმცა, ეს მოხერხდება და ძალიან კარგი. ასეთი დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_ თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს.
საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ანონსს.