მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შესაძლო დაფუძნებაზე ინტენსიური საუბარი დაიწყო, გარკვეული საპროტესტო მუხტი წარმოიშვა სპორტის მეორე სახეობის _ ჭიდაობის მესვეურთა მხრიდან. სწორედ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მიმართეს მოჭიდავეებმა “გურია ნიუსს”.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სულ ახლახან, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიისა და იქ არსებული შენობა-ნაგებობების ბავშვთა საფეხბურთო კლუბისთვის უზურფრუქტის წესით გადაცემამ წარმოშვა კითხვები, რომელზეც პასუხები ჯერ ბუნდოვნად მიაჩნიათ მოჭიდავეებს, რადგან სწორედ აქ არსებულ ერთ-ერთ შენობაში ჭიდაობის დარბაზი ფუნქციონირებს, რომელიც სულ სხვა ორგანიზაციის _ ა(ა)იპ “სპორტული ცენტრის” ბალანსზეა.
“ძალიან კარგია, რომ სფფ-ის პრეზიდენტი ზრუნავს იმისთვის, რომ რეგიონებში გაიხსნას საფეხბურთო აკადემიები და მივესალმებით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაც მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენ, მოჭიდავეებს გვინდა გავერკვეთ სიტუაციაში და გავიგოთ, გვიმბალაურის რომელ შენობა-ნაგებობაზეა საუბარი. კერძოდ, ხომ არ არის ეს ის შენობა, რომელშიც ამჟამად მოჭიდავეები არიან დაბინავებული და ვარჯიშობენ საკმაოდ კარგი შედეგების ფონზე.
არასოდეს ჰქონიათ ლანჩხუთელ მოჭიდავეებს ერთი სტანდარტული დარბაზიც კი, სადაც შეიძლებოდა ნორმალური საწვრთნელი მეცადინეობის ჩატარება. ყოველთვის შეხიზნულები ვიყავით სპორტსკოლის მცირე ზომის დარბაზში, სადაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი საჭიდაო ლეიბის კომპლექტის დაგება. 15 წლის მანძილზე გვპირდებოდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის მთავრობა სარემონტო სამუშაოებს, მაგრამ ამაოდ.
დიდი იმედი გვქონდა ახლანდელი მთავრობის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისეთი დასკვნა გამოიტანეს, თითქოს, სპორტსკოლის შენობის საძირკველი, კონსტრუქცია და ნაგებობა ვერ გაუძლებდა შეკეთებას და დაიშლებოდა. საბოლოოდ, შენობა გაიყიდა მიზერულ თანხად და ახლა იქ შეკეთებულ-შელამაზებული სხვა დანიშნულების ობიექტი არსებობს. საინტერესოა, როგორ შეძლო კერძო პირმა ამორტიზირებული და “გამოუსადეგარი” შენობის შეკეთება და მწყობრში მოყვანა, თუკი ეს ვერ მოახერხეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და მოხელეებმა სპეციალისტების დახმარებით? ანუ შენობა ტყუილად დაიკარგა და ის 40 000 ლარიც ტყუილად იზარალა ბიუჯეტმა,” _ ამბობენ მოჭიდავეები.
ფაქტია, რომ წლების ლოდინის შემდეგ სპორტის ამ სახეობის მესვეურებსა და მოსწავლეებს, საჭიდაოდ ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი პირობები შეექმნათ და როგორც ირკვევა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
“წლების წინ გამოგვიყვეს გვიმბალაურის ყოფილი კოლეჯის სპორტდარბაზისა და სააქტო დარბაზის შენობა, სადაც, ასევე, განთავსებული იყო კვების ბლოკი, რომელიც შევაკეთეთ შეძლებისდაგვარად. ამ ფართის გამოყოფით დიდად მადლიერები ვიყავით და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მის კაპიტალურ შეკეთებას შეგვპირდნენ. შენობა მოინახულა სპორტის მინისტრმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ყოფილმა და ახლანდელმა დეპუტატებმა _ ბატონმა თემურ ჩხაიძემ, ქალბატონმა ნინო წილოსანმა, რომლებიც სრულ თანადგომას და დახმარებას შეგვპირდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ შენობის გადაცემა იგეგმება ფეხბურთის აკადემიისთვის.
სირცხვილია, როცა გვყავს მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს პირველობის ჩემპიონი, ასევე, პრიზიორები, მრავალი საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკში, რომლებიც ასეთ პირობებში ვარჯიშობენ: მოუწყობელი სველი წერტილები, იატაკი ისეა სიძველისგან გაფუჭებული, ამ ზაფხულის ბოლომდე ვერ გაუძლებს. დარბაზში თავისუფლად “დათარეშობენ” ქვეწარმავლები. ამის შესახებ რამდენჯერმე ვაცნობეთ ხელმძღვანელობას, კიდეც შეიწამლა იქაურობა, მაგრამ მაინც არის მათი გამოჩენის პერიოდული შემთხვევები. აი, ასეთ საგანგებო სიტუაციაში ვიმყოფებით და საქმე წინ არ იძვრის, უფრო მეტიც, რაც გვაქვს, იმის წართმევას ცდილობენ,” _ უკმაყოფილებას არ მალავენ მოჭიდავეები.
აღნიშნულ საკითხში მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ზაზა ურუშაძე პრობლემას ვერ ხედავს და თვლის, რომ ლანჩხუთელი მოჭიდავეები ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან:
“ამ შენობაში მოჭიდავეები მანამ დარჩებიან და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ვარჯიშს, სანამ ქალაქში ახალი სპორტული დარბაზი არ აშენდება _ 1500 კვმ ფართის დარბაზში მოჭიდავეებიც დაეტევიან,” _ ამბობს ზაზა ურუშაძე.
თუმცა, გამგებლის ამ განცხადების არ სჯერათ ჭიდაობის მესვეურებს:
“რასაც გამგებელი ამბობს _ ახალი სპორტის სასახლე აშენდება და იქ გადავიყვანთო, მცდარი აზრია. ჯერ ერთი, სპორტის სასახლის პროექტში ცალკე ჭიდაობის ფართი არ არის, ის განკუთვნილია სპორტული შეჯიბრებებისთვის და საწვრთნელი მეცადინეობები იქ ვერ ჩატარდება, ვინაიდან ლეიბები სულ გაშლილი უნდა იყოს. ჩვენ ამ დარბაზს არ დავთმობთ და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ. ვიდრე აკადემიას გადაეცემა აღნიშნული შენობა, აგვიშენონ ცალკე საჭიდაო დარბაზი, თუნდაც ერთსართულიანი, სადაც რამდენიმე ლეიბის კომპლექტის დაგება იქნება შესაძლებელი, რადგან ჭიდაობის ოთხი სახეობა ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტში,” _ ამბობენ მოჭიდავეები და იმედოვნებენ, მათი მოთხოვნები გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებასაც არ გამორიცხავენ.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, იგეგმება თუ არა დარბაზის სხვისთვის გადაცემა და ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის ქონების სამსახურის უფროსს, გოგი ფაცურიას დაუკავშირდა. ფაცურიამ აღნიშნა, ბავშვთა საფეხბურთო სკოლას გადაეცა მთავარი ადმინისტრაციული კორპუსი და მასთან ჭიდაობის არსებულ დარბაზს საერთო არაფერი აქვს.