როგორც ჩანს, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ შტამი, ხოლო მუტაციების მაღალი რაოდენობა ნიშნავს, რომ ყველა ვაქცინა ნაკლებად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, – განაცხადა კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ვირუსი ძალიან გადამდებია. როგორც ჩანს, ის ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. საკმაოდ შესაძლებელია, რომ ყველა ვაქცინის ეფექტურობა შემცირდეს“, – აღნიშნა კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
სტეფან ბანსელის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ბოლო 7-დან 10 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან მოგზაურები მიიღეს, „ომიკრონი“ შტამი, სავარაუდოდ, უკვე გავრცელებულია.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებას, სულ მცირე, ორი კვირა დასჭირდება, რათა უკეთ გაერკვეს ვაქცინის ეფექტურობის საკითხში და 2-დან 6 კვირამდე პერიოდი, რათა დაადგინოს, არის თუ არა „ომიკრონი“ შტამი „დელტა“ ვარიანტზე უფრო გადამდები.
კომპანია Moderna უკვე მუშაობს ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ე.წ. ბუსტერზე. რამდენიმე კვირაში, კომპანიას ეცოდინება, რომელი სტრატეგია გაატაროს: არსებული ვაქცინების უფრო მაღალი დოზა, გამაძლიერებელი დოზა, ან ახალ ვარიანტზე მორგებული ახალი ვაქცინა.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.