892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის Wild West Show _ ველური დასავლეთის შოუს.
გურულები ამერიკაში 1893 წელს ჩავიდნენ. აი, რას წერს ერთ-ერთი მოჯირითე მოგზაურობის შესახებ.
“მთელი დუნია მევიარეთ. სუნთელი ამერიკა ხომ მთლა გადმევიარეთ. ევროპაში ვიყავით _ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა _ ქვეყანა არ დაგვრჩა ფეხი არ დაგვედგას. ძაან დახვედრა გვქონდა. ხალხი თბილათ გხთებოდა, უხაროდენ ჩვენი ნახვა.
ბიჭეფ არ მოეწონენ ინგლისელები. ნამეტანი ცივი ხალხი გამოდგენ. ზედმეტს ერთს არ გაგიღიმებდა ჩვენი ერთი აფხანაკი ანთაძე, თურმე, სულ რაცხა სალაღობო ამბებს ლაპარიკობდა, მარა ერთჯელ ვერ გააცინა.
ფრანცუზები ქუჩაში უკან მოგვყვობოდენ, ბიჭეფი ჩივოდენ აგენი ჩვენი დაცვა არიო. მოდიოდენ, ტანსაცმელს და ხანჯლეფს უყურებდენ.
ყველაკაცი კაზაკს გვიძახდა.
კი ვუჩივოდით, არ ვართ, ბატონო, კაზაკები, მარა ვინ გაყურებდა!
რა მაგენის ბრალია _ აფიშებზე და ფოსტერებზე კაზაკი და რუსიო ეწერა. ჩაცმულობაც იმფერი გვქონდა.
ჩვენებურ გურულს და კაბალახს ერთი თუ ატარებდა _ ხაზეინის თხოვნა არისო.
ჩემ ერთ აფხანაკ ამერიკელს შევეკითხე: შავი ზღვა თუ იცი?
_ არაო.
_ კავკასია?
_ არაო.
_ საქართველო? _ სულ ნოუ-ნოუს ჩივოდა….
_ აბა, რა იცი შე უბედურო, _ რაფერ ააშენეს ამ ოჯახდაქცეულებმა აი ქვეყანა?
ავსტრალიდან ჩამეიყვანენ კაცები. მთლა შავები ნიგუზალივით თმები აქვენ, რაცხა უცნაურ სასროლს ხმარობენ, ბუმურანგს უძახიან, ხისგანაა გამონათალი, მოკავკული და ბრტყელი. რუმ გეისვრი, მერე თვითამ უკან გიბრუნდება.
ასთე ნადირობენ. ერთმა შოვის კაცმა თხუა მასროლიეო, ისროლე, მარა ფრთხილათო.
კაცმა ვაშკაცურა გეისროლა. გაფრენით ქე გაფრინდა, მარა მობრუნებული ვეღარ დეიჭირა და მოხთა სახეში და მუუნგრია ყპაი. იი აბდალა გადარჩა მარა ყპა აკრული დეიარებოდა კარქა ხანს”.