ხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში.
ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს.
როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება.
„50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო. თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ იგეგმება.