დღეისთვის, ოზურგეთში ბევრს საუბრობენ პურისფქვილის ფასის ზრდის გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქ წისქვილკომბინატი „გულისტანი“ მუშაობს, რომლის პროდუქციით ბევრი სარგებლობს.
ახლა ოზურგეთში ერთ ტომარა 50-კილოგრამიან პურისფქვილს 61 ლარად ყიდიან, 25 კილოგრამიანს _ 31 ლარად. საშუალოდ, წლის დასაწყისში არსებულ ფასთან შედარებით, 5-6 ლარია მომატებული.
ჩვენს მკითხველებს ახსოვთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, წისქვილკომბინატმა „გულისტანმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ ფასი არ გაუზრდიათ და თუ ცოტა მოიმატებდა, მალევე დაიკლებდა, რადგან მთავრობისგან ელოდნენ სუბსიდირებას.
მიუხედავად ამ დაპირებისა, ფქვილ „გულისტანის“ ფასი მაინც საგრძნობლად გაიზარდა და როგორც საწარმოს მენეჯერმა, მარინა ჩხაიძემ გვითხრა, ფასს არ დააკლდება, პირიქით, თუ მომავალში დოლარის ფასი მოიმატებს, შესაძლოა, პურისფქვილის ფასი, გაზარდონ, რადგან იძულებული იქნებიან, ასე მოიქცნენ.
კითხვაზე, თუ რა გახდა დაპირების უარყოფის მიზეზი, მარინა ჩხაიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ჩვენ გითხარით, რომ ველოდებოდით მთავრობისგან სუბსიდირებას. კონკრეტულად, რაც დოლარის კურსი გაიზარდა ცნობილი მოვლენების გამო, ვეღარ შევძელით ხორბლის ნაკლებ ფასად შეძენა. მერე ველოდებოდით, იყო დაპირება, რომ მთავრობა დაგვეხმარებოდა და სუბსიდიას გამოგვიყოფდა იმ ოდენობით, რამდენითაც მოიმატა დოლარის კურსმა. თუმცა, მოხდა ისე, რომ ჩვენ არ მოვხვდით იმ პროგრამაში, რომლითაც მთავრობამ სუბსიდირება მოახდინა. ზოგიერთი საწარმო კი მოხვდა. ამიტომ ჩვენ ჩვენი გათვლების მოშველიებით, თუკი რამ შეიძლებოდა, შემოვიტანეთ ხორბალი მომატებული, მაგრამ არც ისე უკიდურესად მაღალი ფასით. ბუნებრივია, პურისფქვილის ფასმაც, აქედან გამომდინარე, მოიმატა.
_ ქალბატონო მარინა, ამ ეტაპზე როგორ პროგნოზირებას გააკეთებთ, მომავალ სეზონამდე გეყოფათ შემოტანილი ხორბალი თუ რა რაოდენობით გაქვთ შემოტანილი, რომ კიდევ შეფერხება და ფასის ზრდა არ მოხდეს?
_ რაც შემოვიტანეთ, ეს ნამდვილად გვეყოფა მომდევნო სეზონამდე. ცნობილია, რომ რუსეთმა შეაჩერა ხორბლის გაყიდვა. კიდევ კარგი, ჩვენ მოვასწარით შემოტანა.
_ დღეს, თქვენი კომბინატის 50-კილოგრამიანი პურისფქვილი 61 ლარი ღირს. ვთქვათ და დოლარის კურსი კიდევ გაიზარდა, თუმცა, ხორბალი თქვენ გაქვთ შემოდგომამდე სამყოფი. ფასს მაინც გაზრდით? ეს ძალიან აინტერესებს მოსახლეობას.
_ იცით, ლოგიკაა ასეთი _ მიუხედავად იმისა, რომ მომავალ სეზონამდე სამყოფი ხორბალი გვაქვს, თუ დოლარის ფასმა აიწია, მაინც მოგვიწევს კიდევ მომატება. იმიტომ, რომ თანხა არ დაგვრჩება, რითაც შემდგომი წარმოება უნდა გააგრძელო. მაშინ მოგიწევს მოძიება. უბრალოდ, ეს მარტივი კანონი და წესია, რასაც ბიზნესი ექვემდებარება. ისე საწარმო ვერ იარსებებს. იცით? დღეისთვის ჩვენ მიზერულ მოგებაზე ვმუშაობთ. ასე დიდხანს ვერ შევძლებთ და ბუნებრივია, რაღაც გზების მოძებნას შევეცდებით.
_აქედან გამომდინარე, პურის ფასი თუ მოიმატებს?
_ იცით, რაშია საქმე? არ უნდა მოიმატოს, რადგან მთავრობამ არაერთ წარმოებას გაუწია სუბსიდირება. საცხობების მეპატრონეები უნდა ეცადნონ, სწორედ იმათგან შეისყიდონ ფქვილი, რომ პური არ გაძვირდეს. ამიტომ გააკეთა მთავრობამ ეს, რომ პური არ გაძვირდეს. ვინ როგორ მოიქცევა, ეს მერე მაგათი საქმეა, _ გვითხრა მარინა ჩხაიძემ.
საინტერესო და აუცილებლად ყურადღების მისადევნებელი საკითხია, მოიმატებს თუ არა პურზე ფასი ან შეამცირებენ თუ არა ფასის დატოვების ხარჯზე წონაში, რადგან ფქვილზე ფასი გაძვირდა.
„გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და ჩვენს მკითხველებს მალე შევთავაზებთ.