რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები,_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ განცხადება გააკეთა.
“საავტომობილო გზებზე განვლადობის მაქსიმალურად შენარჩუნებისა და საავტომობილო გზებზე გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდით სამუშაოებსა და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრას მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, ჯამში 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს გაწმენდით სამუშაოებზე”,_ განაცხადა გამყრელიძემ.
მან ისაუბრა დღეს სამტრედიის გადასახვევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებაც.
“დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 252-ე კმ-ზე, სამტრედიის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კერძოდ, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მძღოლმა არასწორი მანევრი გააკეთა და მოცურდა, რის გამოც აღნიშნულ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, შესაბამისად მხოლოდ შემთხვევის ადგილთან შეფერხდა გაწმენდითი სამუშაოებიც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”,_ აცხადებს გამყრელიძე.