„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში საკადრო ცვლილებები და გარკვეულ პირთათვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდა იგეგმება.
წყაროს ინფორმაციით, გასულ კვირას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ხელი მოაწერა და დავით წულაძე, რომელიც აქადე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ოფიციალურად დანიშნა ზემონახსენები სამსახურის ხელმძღვანელად. ამასთან, როგორც ამბობენ, წულაძეს ანაზღაურებაც 1300 ლარამდე უნდა გაეზარდოს.
ის, რომ ბაღების ცენტრის დირექტორმა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მიმართა გამგეობას, ამას საფინანსო სამსახურშიც გვიდასტურებენ, თუმცა, არ აკონკრეტებენ დაკმაყოფილდება თუ არა მისი ეს წინადადება. მათი თქმით, საკითხთან დაკავშირებით საფინანსო სამსახურს ჯერ ანალიზი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არც გადაწყვეტილება არ მიუღია.
სკოლამდელი ცენტრის ხელმძღვანელმა საკუთარი პერსონისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდა ორიოდე თვის წინ მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მოსთხოვა, თუმცა, მაშინ მისი განცხადება საკრებულომ არ დააკმაყოფილა.
როგორც მაშინ ამბობდნენ, წულაძე განაწყენდა, რომ იგი „ქართული ოცნების“ სიის მიღმა დარჩა და ამიტომაც ულტიმატუმად ადგილობრივ ხელისუფლებას ხელფასის გაზრდა წაუყენა.
თავად დავით წულაძე კი ამბობდა, რომ მან საკრებულოს გამგეობის სამსახურების ტოლფასი ანაზღაურების დანიშვნა იმ მოტივით მოსთხოვა, რომ შაბათ-კვირასაც კი სრული დატვირთვით მუშაობს და აქ საარჩევნო სია არაფერ შუაშია.
„შაბათ–კვირასაც კი სრული დატვირთით ვმუშაობ. ბათუმსა და სხვა რეგიონებში ჩემს კოლეგებს 1550 ლარი აქვთ ანაზღაურება და ამიტომ მოვითხოვე ხელფასის გაზრდა, აქ არაფერ შუაშია საარჩევნო სია“, _ ამბობდა მაშინ ბაღების ხელმძღვანელი.
„გურია ნიუსი“ ხელფასის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარისთვის დაუკავშირდა დავით წულაძეს, თუმცა მან, ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„ახლა სასაუბროდ არ მცალია, ვალინკებით ვარ, ვმუშაობ“, _ ასე დაასრულა წულაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარი.
გარდა ხელმძღვანელისთვის ხელფასის გაზრდისა, წყაროს ინფორმაციით, ბაღების გაერთიანებაში ორი ახალი საშტატო ერთეულის დამატებაც იგეგმება, სადაც მარინა კეიდია და ნატა კობალავა უნდა დაინიშნონ, თითოეულის ხელფასი 850 ლარზეა გათვლილი.
კეიდია ამჯამად გამგეობაშია დასაქმებული გამგებლის თანაშემწედ და 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, სამსახურის გარეშე დარჩენა ელის. რაც შეეხება კობალავას, ის წლებია ბაღების ცენტრში მუშაობს და მთავარი სპეციალისტია საორგანიზაციო საკითხებში.
გამგეობის საფინანსო სამსახურში გვიდასტურებენ, რომ სკოლამდელ ცენტრში ორი ახალი შტატის დამატებაზე მართლაცაა საუბარი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ კუთხითაც არ აქვთ მიღებული.