პატიმარი აკაკი ზანგურაშვილი, რომელიც 122 დღეა შიმშილობს, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც „გურია ნიუსს“ მისმა დამ, მაკა ზანგურაშვილმა აცნობა, აკაკი ზანგურაშვილი გუშინ აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის კლინიკიდან ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, აკაკი ზანგურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
„ისევ ღუდუშაურშია. წეღან დავრეკე და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა რეანიმაციაში. საკვებზე ისევ უარს აცხადებს, აქედან გამომდინარე, ვერ უწევენ იმ სამედიცინო დახმარებას, რაც ესაჭიროება“, _ ამბობს მაკა ზანგურაშვილი.
ოჯახის, ადვოკატის და ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, აკაკი ზანგურაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, აკაკი ზანგურაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება ეფუძნება ერთი დაინტერესებული მოწმის ჩვენებას და საქმეში არ არსებობს არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც მის მიერ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.
ცნობისთვის, საქმე 2016 წლის 10 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ, 21 წლის ახალგაზრდის, გიორგი ძაბახიძის მკვლელობას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მკ/რნ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის სიახლოვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აკაკი ზანგურაშვილმა და მ.ყ-მ, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ჯგუფურად, განზრახ მოკლეს გიორგი ძაბახიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობიდან მეორე დღეს, 11 ნოემბერს შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, პირველი ინსტანციაში პროცესი თითქმის დასრულებულია, გუშინ, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. დარჩენილია დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წაკითხვა და განაჩენი გამოცხადდება.
ამავე თემაზე:
პატიმარი, რომელიც ბრალს არ აღიარებს 121 დღეა შიმშილობს _ “მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”