მერი შავაძე ერთი იმ საოცარ დიასახლისთაგანია, ვინც მაღალმთიან ზონაში, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში, უკანავაში ცხოვრობს და მთის გარემოს დამახასიათებელი გრძელვადიანი ზამთრისთვის, დიდი სასურსათო მარაგის შენახვა უწევს.
_ მრავალი წლის წინ, როცა სოფელ მთისპირში, უკანავაში მთის ფერდობზე დავფუძნდით, მაშინვე ვიცოდი, რომ აქ საკუთარი გასტრონომია საგანგებოდ უნდა მომეწყო, _ გვეუბნება ის და მის მიერ გაკეთებული სხვადასხვა კონსერვების თუ კომპოტ-მურაბების “საწყობში” სტუმარს ექსკურსიამძღოლივით ეპატიჟება:
_ მინდა ყველას ვურჩიო, რომ სათავსო, სადაც ვინახავთ სხვადასხვა ჩვეულებრივ მჟავეულს თუ დელიკატურ საკვებს, ისევე, უნდა დავალაგოთ და გავანიავოთ და დავასუფთავოთ, როგორც ის სამზარეულო თუ საძინებელი, სადაც ყოველდღიურად ვატარებთ ცხოვრებას. მოვლა, საგანგებოდ სუფთა და განიავებულ ადგილზე შენახვა, იმ “შენახულებს” ყველაზე ძალიან სჭირდება, რომელსაც ზამთარში მივირთმევთ. მოგეხსენებათ, ქილებში შენახულ კონსერვ-მურაბებს თუ ქვაბებსა და კასრში მოთავსებულ ყველს, სიმინდს, ფქვილს, არ უნდა მოედოს ობის, სინესტის, მტვრის ნატამალი.
კვირაში ერთხელ კარგად ვანიავებ ჩემს სათავსოს, ხოლო, ყოველდღე ხელში სუფთა ჩვარი მიჭირავს და საგულდაგულოდ ჩამოვუვლი ქილებსა და კასრებს, ყველა ჭურჭელს, რაშიც სხვადასხვა საკვებს ვინახავ. დაიხსომეთ, მაინცდამაინც სველი ტილოთ ნუ გაწმენდთ ჭურჭლეულს, რომელშიც საჭმელად განსაზღვრული და დაკონსერვებული მასაა მოთავსებული.
სათავსოში თაგვმა არ უნდა გაიჭაჭანოს _ ბებია გვეტყოდა, მაგის “დასუნული” არაფერი ვარგაო _ სათავსოს სისუფთავის ხარისხის განსასაზღვრად, ეს აუცილებელია.
ზოგი მიიჩნევს, რომ რაკი ქილები თავმოკრულია, სულერთია, სად შეაგდებ. მე ჩვევად მაქვს, სტუმარი ჩემს სათავსოშიც შევიყვანო და საკუთარი სურვილით ავარჩევინო სუფთა გარემოში, რას მიირთმევს. ეს არის ჩემი გასტრონომია, სადაც გულსა და სულს ვდებ, ყველაფერს კი სისუფთავით ვიწყებ.
სამომავლოდ მინდა, აქ ფანჯრები დავამატო, ყვავილებით და სხვა სილამაზეებით მოვრთო და “მთის გასტრონომი” დავარქვა. ვინმეს, იქნებ, გაეცინოს, მაგრამ ადამიანის არსებობა საკვების მიღებით იწყება. ამიტომ ყველანაირი საგემოვნო მახასიათებელი ვიზუალურად ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ მიმზიდველობა არ აკლდეს. ყოველთვის ასეც არაა, როგორც საკვების, ისე ადამიანის შემთხვევაშიც, მაგრამ ხშირად სიმართლეს შეესაბამება, _ ასეთ ღიმილიან, ახლებურ რჩევას გვთავაზობს “მთის გასტრონიმის” იდეით შეპყრობილი მთიელი ქალბატონი მერი შავაძე.