ქალის თუ მამაკაცის თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თმების დაავადება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში შეიმჩნევა. ყველაზე უკეთ თმა ზაფხულში გამოიყურება. ამიტომ, შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში იგი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
კარგია, თუ თმას ერთი და იგივე საშუალებებით უმკურნალებთ ორი-სამი თვის მანძილზე. სხვადასხვა ბალახეულით მკურნალობა საუკეთესოა. ამ დროს ხდება თმების ადაპტირება სამკურნალო საშუალებებთან, ხოლო თუ შეუნაცვლებთ სხვადასხვა დასახელების სამკურნალო მცენარეებს სხვადასხვა დროს, შედეგი უკეთესი იქნება.
გთავაზობთ თმების როგორც დასარბილებელ, ასევე, თმის ძირების გასამაგრებელ საშუალებებს.
გვირილის 100 გრამ ხმელ ყვავილებს დაასხით 300 გრამი ადუღებული წყალი. დადგით ორიოდე საათით. მერე გაწურეთ და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი ან ერთი კვერცხის გული. კარგად ათქვიფეთ. ეს მასა თმის დაბანის შემდეგ, წაისვით თავზე, კარგად დაისველეთ და ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ კი დაიბანეთ კარგად ისე, რომ საპონი ან შამპუნი არ წაისვათ. ეს პროცედურა კვირაში ან ათ დღეში ერთხელ გაიკეთეთ. სულ ექვსჯერ მაინც. თმა ცხიმიანია თუ მშრალი, არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ცხიმიან თმას მეტი სიხშირით სჭირდება ამ ნაზავით დაბანა.
რაც შეეხება თმის ძირების გამაგრებას, საუკეთესო საშუალებად რჩება დაფნის ნახარში, როგორც ქერტლის საწინააღმდეგოდ, ისე გასამაგრებლად.
თმის ძირების გასამაგრებლად საუკეთესოა შემდეგი ხალხური საშუალება: გავხეხოთ ორი თავი ხახვი და შევურიოთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ეს მასა ნახევარი საათით თმაზე დავიდოთ. დავიბანოთ ნახევარი ან ერთი საათის შემდეგ. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.
თმებს ზამთარში უფრო ხშირად ეძალება ქერტლი. მის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ძალიან ადვილი და ხელმისაწვდომია ლიმონის კანის ნახარში _ აიღეთ ხუთი ცალი ლიმონი. გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად, მოხარშეთ ერთ ლიტრამდე წყალში და კვირაში ერთხელ, თავის დაბანამდე შეიზილეთ თმებში. დაიბანეთ 20 წუთის შემდეგ. შეგიძლიათ თმის დაბანის შემდეგაც შეიზილოთ.
გალინა წიტაიშვილი