ავტოსაგზაო შემთხვევა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, სახელმწიფო თეატრისა და საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 აგვისტოს მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც “ქართული ოცნების“ პარტიული სიის ახალი სახე, ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე გენო ჩავლეშვილი მართავდა, ასევე, მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რომელშიც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა, საჭეს კი მანდილოსანი სოფიო დობორჯგინიძე მართავდა.
აღნიშნული შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ჩხაიძემ საჯარიმო ოქმი სწორედ სოფიო დობორჯგინიძეს ამოუწერა და ადმინისტრაციული ჯარიმის 250 ლარის გადახდაც დააკისრა.
მოქალაქე სოფიო დობორჯგინიძემ საჩივრით მიმართა ოზურგეთის სასამართლოს შსს გურიის საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ, რომლის პროცესიც დღეს გაიმართა.
სოფიო სალუქვაძე მოსამართლეს გიორგი ზვიადაძეს სიმართლის დადგენას სთხოვდა:
_ არაფერს ვითხოვ, არც არავის ვჩივლობ, მე ეს ჯარიმაც გადავიხადე და ქულებიც ჩამომეკლო, უბრალოდ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ სიმართლის დადგენაში, რადგან მიმაჩნია, რომ აღნიშნული საჯარიმო ოქმი არაკანონიერად იქნა ჩემ მიმართ ამოწერილი, _ მიმართავდა სოფიო დობორჯგინიძე მოსამართლე გიორგი ზვიადაძეს.
პროცესზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე, “ქართული ოცნების“ პარტიული სიის ნომერი გენო ჩავლეშვილი, ადვოკატთან გოჩა გორდელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ, როგორმე თავიანთი განმარტებით დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ სოფიო დობორჯგინიძეს უნდა დაეთმო გზა უკან მომავალი გენო ჩავლეშვილისთვის, რადგან იქვე იყო საგზაო ნიშანი “დაუთმე გზა“. რაც, მათივე თქმით, არ გაითვალისწინა სოფიო დობორჯგინიძე. ამის შემდეგ კი ხდება შეჯახება და მიაჩნიათ, რომ საჯარიმო ოქმი დარჩეს ძალაში.
როგორც ოქმის შემდგენმა პირმა გიორგი ჩხაიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი, სწორედ ამიტომ, სოფიო დობორჯგინიძე და მინდობილი პირი მისი მეუღლე კი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეო ფირის წარმოდგენას მოითხოვდნენ, რის მიხედვითაც მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი საჯარიმო ოქმი ამოიწერა.
მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა გენო ჩავლეშვილის განმარტებაც.
_ მოვდიოდი მთავარ გზაზე, მეგობართან ერთად, როცა დავინახე არასწორი მანევრირება, გადავედი სხვა გზაზე, რათა ამეცილებინა სხვა შეჯახება და დავეჯახე უკან საბურავში. ვეღარ ავაცილე, შევეცადე გავჩერებულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მან გადმოკვეთა გზა, რომელიც იყო ჩემი, გზა ქალბატონს ჩემთვის უნდა დაეთმო, _თქვა ჩავლეშვილმა.
_ კაცურად თქვი, მართალი იყავი? შეგეძლო გაჩერება და არ გააჩერე! მიმართა სოფიო დობორჯგინიძის მეუღლემ გიორგი ცერცვაძემ გენო ჩავლეშვილს.
სასამართლო პროცესზე გაჟღერდა ასევე, რომ გენო ჩავლეშვილს მანქანაში მისი მეგობარი, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის გიგა ხარაბაძის ბიჭი ვაჟა ხარაბაძე ეჯდა.
აღნიშნული სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება, სადაც საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო და ფოტომასლა უნდა წარმოადგინოს.