“ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ უნდა დაელოდოს მისგან მოწოდებას, რომ მრევლი არ მივიდეს ეკლესიაში,, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა – დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები. კანონი უნდა ასრულდეს ყველასთვის. მეორე მხრივ, არსებობს ეკლესია, რომლის ეგზისტენციალური ამოცანაა, რომ ეკლესიის კარი არ უნდა დაიხუროს. დღეს ვართ განსაკუთრებულ, საგანგებო მდგომარეობაში და გასაგებია, რომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს ინსტიტუციონალურად შესაძლოა სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეს. მე პირადად მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის იმედი. მოქალაქე ხვდება, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი მორწმუნე ადამიანისთვის ასევე ეგზისტენციალური საკითხია. გონიერი და ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ უნდა დაელოდოს მისგან მოწოდებას, რომ მრევლი არ მივიდეს ეკლესიაში, და ასევე არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდეს, რომ მრევლმა კანონი დაარღვიოს. ეს არის ოქროს შუალედი და გამოსავალი, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე იპოვის. მთავრობა მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში და დაიცვან ეკლესია. იდეალური იქნებოდა, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არავინ დაარღვიოს. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ასეთი იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. პირადად მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს. ჩვენი ძირითადი მოკავშირეა გონიერი მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ თავის თავზე და თავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ან ვინმე სხვას“, – განაცხადა გახარიამ.