ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრს, ლადო გოგოტიშვილს, რომელიც საკუთარ საკარმიდამო პლანტაციაში 20 ტონამდე მანდარინს კრეფს, თავისივე ნაშრომი, როგორც თავად ამბობს, თავ-ბედის საწყევრად ექცა.
მოსავლის აღების დროს, რახან პლანტაცია ხევში მდებარეობს, ლადო გოგოტიშვილს ყოველთვის უხდებოდა და უხდება მოკრეფილი მანდარინის სატვირთო მანქანებით ამოტანა. სწორედ ამიტომ მუდამ ეძებდა და ქირაობდა სატვირთო მანქანებს, რაც ერთხელაც მთელი მოსავლის ფასად დაუჯდა და ისე მოატყუეს, დღემდე სამართალი ვერ იპოვა.
_ 2012 წელს ოზურგეთელმა პიროვნებამ სანასარ ხუგასიანმა მომიყვანა კლიენტი თავისი მანქანით. ეს იყო სატვირთო, საბჭოთა მანქანა გაზ-53, რომლითაც, ქირის გადახდით, უნდა ამომეტანა მოკრეფილი მანდარინი ხევიდან _ ჩემი პლანტაცია, ძირითადად, მიუმხრომელ ადგილზეა. შემდეგ მითხრა, რომ იყიდე ეს მანქანა ჩემგანო. ერთი კიდევ მყავდა ასეთივე მანქანა და ვიფიქრე, ორი მანქანით უფრო გადავჭრი პრობლემას კრეფის სეზონზე-მეთქი და მივეცი რაც დამიფასეს _ 1500 ლარი. მალე, მანქანის მფლობელმა მომაკითხა და მითხრა, ხუგასიანს, ვინც შენთან მომიყვანა, ჩემი 1 300 ლარი კიდევ მართებდაო. შემეხვეწა ხუგასიანი, მიეცი ეს ფულიც, ახლა არ მაქვს და მერე მე მოგცემო. ასე გადავიხადე ეს თანხაც, თუმცა, ხუგასიანმა მომატყუა და აღარ დამიბრუნა. ისე, სულ მპირდებოდა, მოგცემო, _ გვიამბობს გოგოტიშვილი.
ამბის ასე დრამატულად განვითარების შემდეგ, ლადო გოგოტიშვილი იძულებული გახდა, ეჩივლა და სამართალი ასე ეძებნა.
მან 2015 წელს მიმართა ურეკის პოლიციას, სადაც, მისივე თქმით, 2018 წლამდე იარა პასუხის მისაღებად, თუმცა, ამაოდ.
_ მშრომელ კაცს რომ ასე და ამდენჯერ მატყუებენ, სად ვიპოვო სამართალი? საშველი არ დადგა, რომ პასუხი მოეცათ ჩემთვის. ურეკის პოლიციის წარმომადგენელმა კახა ჩხაიძემ, ვისაც ჩემი საქმე ეწერა, მთხოვა, ოზურგეთის რაიონულ პროკურორს, ნიკა მახარაძეთან მიდი და მოუსმინეო. მახარაძემ მთხოვა, რომ არ უჩივლო ხუგასიანს, გახსენი ანგარიში “ლიბერთი ბანკში” და იქ ჩამოგირიცხავს შენს ვალს თანდათანო. 2017 წელს გავხსენი ანგარიში, პროკურორმა, ნდობის გასამყარებლად, კახა ჩხაიძეც გამომაყოლა ბანკში. ვიფიქრე, სამართალდამცავები არიან და როგორ მომატყუებენ-მეთქი… გავხსენი ანგარიში, თუმცა, ვინ ჩაგირიცხა ერთი თეთრიც კი?! დღემდე არანაირი თანხა არ მიმიღია.
გთხოვთ, იქნებ, ამ ყრუ კედელს მიღმა სამართალი მაპოვნინოთ. ვინ იცავს ხუგასიანს ასეთი, რომ ძალოვნები მფარველობენ? ამბობენ, რომ ერთი მილიონერის მშობლების საფლავს პატრონობს და დაკვეთა იქედან არისო, თუმცა, ეს მე როგორ დავაზუსტო? ვერ დავადგინე, მხოლოდ მატყუებენ, _ გვიამბობს ლადო გოგოტიშვილი, რომელმაც რედაქციაში იმ განცხადებების ასლები წარმოადგინა, რომლებითაც წლების მანძილზე, პოლიციასა თუ პროკურატურაში სამართალს ეძებს. ის, თავისი საქმის თავისა და ბოლოს ასე აბურდვაში, ურეკის პოლიციის წარმომადგენელს, კახა ჩხაიძეს ადანაშაულებს.
“გურია ნიუსი” კახა ჩხაიძეს დაუკავშირდა. ჩვენ ვესაუბრეთ მას ლადო გოგოტიშვილის შესახებ, ვუამბეთ ყოველივე და ვკითხეთ, შეესაბამებოდა თუ არა ეს ყველაფერი სიმართლეს. მართალია, ჩხაიძეს არ უარუყვია გოგოტიშვილის მიერ პოლიციაში განცხადების შეტანის შესახებ, თუმცა, პასუხის გაცემაზე უარი გაგვიცხადა და მოკლედ გვიპასუხა, რომ შსს პრესსამსახურისთვის მიგვემართა.
ჩვენს ზარს არ პასუხობენ სანასარ ხუგასიანი და რაც მთავარია, კანონიერების დაცვაზე ზედამხედველი ინსტიტუტის _ პროკურატურის პროკურორი მახარაძე.
“გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს დაუკავშირდება და გაარკვევს, მოცემულ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელიც ამდენი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობს, სამართალი იპოვოს.