პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. დეპუტატებმა სხდომაზე „პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებზე მუხლობრივად იმსჯელეს.
ამასთან, მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კონსულტაციების შედეგად შეჯერებული რამდენიმე სიახლეც იქნა წარდგენილი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, უფრო ჰუმანურია.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; სისტემაში ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა.
„პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებების თანხმად, პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოდის: იქმნება სრულიად ახალი ტიპის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; დაბალი რისკის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნებათ; კონკრეტული კატეგორიის მსჯავრდებულ დედებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ენიჭებათ; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანის უფლება მიენიჭება; ასევე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს თვეში ორი სატელეფონო საუბრის უფლება ექნებათ, მოქმედი რედაქციით მათ მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ 10 წუთის ხანგრძლივობით, ცვლილების შედეგად, საუბრის ხანგრძლივობა 10-დან 15 წუთამდე გაიზრდება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები და სხვა.
საკომიტეტო განხილვისას, დეპუტატებმა, ასევე, სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარადგინეს, ასევე, დაზუსტდა კონკრეტულ საკითხთა ფორმულირებები. კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. „პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებები ახლო მომავალში მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილება.