დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება.
„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, შეიცავს ერთიან შინაარსს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო. თუმცა, ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით. შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთანაც. მათ გავაცანით პროექტი, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი ინტერესია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, _განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აუცილებელია თბილისის მერის დაკითხვა, რატომ არ გატარდა პრევენციული ზომები ფონიჭალაში ორი თვის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ.