ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასახორციელებელი პროექტების შესასრულებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე სოფელში ტენდერი 2016 წლის 31 მაისს 123 600 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი კომპანია შპს “უნივერსალმა” 112 997, 98 ლარად მოიგო.
მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც 2016 წლის 20 ივნისს კომპანიას შპს “უნივერსალსა” მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა, ჩამოთვლილია იმ პროექტების სია, რომელიც რამდენიმე სოფელში უნდა გახორციელებულიყო: წყალგაყვანილობის მოწესრიგება, წყლის ავზების, ბეტონის გზისა და მილხიდების მოწყობა, ხიდის შეკეთება.
ერთ-ერთი ამ პროექტებიდან სოფელ ძიმითში, ე. წ. “თირის” უბანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება იყო. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, “თირის უბანში” წყლის გაყვანის ღირებულება 25 039,25 ლარს შეადგენდა.
აღნიშნულმა კომპანიამ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 20 ივნისს დაიწყო და 2016 წლის 30 სექტემბერს დაასრულა. მერიაში აღნიშნავენ, რომ ობიექტმა ექსპერტიზა გაიარა შპს “ბილდინგ პროექტკონსალტინგში”:
“#133-6 ინსპექტირების საფუძველზე შპს “უნივერსალმა” შეასრულა, ხოლო მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო შესრულება”, _ აღნიშნულია მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის ყოფილი მოადგილე ბადრი გობრონიძე აწერს.
ინსპექტირების აქტი #133 – 6: “სოფელ ძიმითში წყლის გაყვანა თირის უბანში, დასრულებული სამუშაოების შემოწმებისას და წარმოდგენილი 11, 30, 09, 2016 ექსპერტ შპს “ბილდინგ პროექტს კონსალტინგის” დასკვნის გათვალისწინებით, საბოლოოდ წარმოდგენილ ფორმა #2-ში მოცემულ სამუშაოები შეადგენს 24 559, 82 ლარს”, _ აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერენ ინსპექტირების ჯგუფის წევრები: ინფრასტრუქტურის განყოფილების მაშინდელი უფროსი ირაკლი გაგუა და გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ძიმითში დავით ხინიკაძე.
ეს ყველაფერი ოფიციალურ დოკუმენტებში _ სულ სხვაა რეალობა, რომელიც სოფელ ძიმითის მოსახლეობას, ე. წ. “თირის უბანში” მცხოვრებლებს, უკვე წლებია, აწუხებთ _ მათ წყალი არასდროს ჰქონიათ.
აღნიშნული უბნის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს და განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყეს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დადგეს რეზერვუარი, წყალი არც ერთი დღით არ ჰქონიათ.
უწყლობის პრობლემას უჩივიან ე. წ. “ფაფასკურას” უბანშიც. აქ მცხოვრებლები _ ლია გაგუა, მთვარისა მახარაძე, ხათუნა მგელაძე, ნინო ხინთიბიძე, ნინო ხანთაძე და ანა ვადაჭკორია “გურია ნიუსთან” თავის გულისტკივილს ხმამაღლა ამბობენ:
“ყველა არჩევნებზე გვპირდებიან და გვატყუებენ. აქედან 3 კილომეტრზე დაგვაქვს სარეცხი მდინარეზე და იქ ვრეცხავთ. სველი სარეცხის ამოტანა მერე როგორია, ის ნახეთ! წყალი ისე გვჭირდება, როგორც სიცოცხლე.
წინა არჩევნების დროსაც მოვთხოვეთ ხელისუფლებას, თუმცა, პირობა პირობადაა დარჩენილი. მდინარიდან ამოგვაქვს წყალი ცისტერნით. ტრაქტორს ვქირაობთ, საწვავს ვასხამთ და ისე მოგვაქვს. ადრე წყლის მილები მოგვიტანეს და მერე წაიღეს ისევ, სხვა უბანს სჭირდება და ათხოვეთო. ამ უბანში 26 ოჯახი ცხოვრობს. ასეთ გაჭირვებაში ვართ, ჯერ რომ ასე ვიქნებით და მერე ზაფხულში რა გვეშველება? ვისაც ჭა აქვს, ისიც დამშრალია.
მერვე ბრიგადამ გაიყვანა წყალი, ჩვენი მილები წაიღეს და დაგვტოვეს. სასმელი წყალი რომ არ გექნება, სად ვცხოვრობთ გვითხარით. სხვა პრობლემებიც არსებობს _ არც გზაა, არც გარე განათება, ხიდი იშლება, სკოლაში რომ გავუშვებთ ბავშვებს, გვეშინია, არ ჩავარდნენ; აუთვისებელია საყანე ფართობები, ერთი კვადრატული მეტრიც კი არც დაიხვნება, ყანები არ გვექნება _ ძვირი ჯდება და არ გვაქვს საშუალება.
ამ არჩევნებზე როგორ მოგვადგებიან, საინტერესოა, მოვეგეთ ჭკუას _ არ წავალთ არჩევნებზე! _ ამბობენ ისინი.
როგორც “თირის უბნის” მცხოვრებლები ამბობენ, მათ უბანში წყლის შესაყვანად ათიათასობით ლარია გახარჯული. ამ უბნის მცხოვრები გიორგი სამსონია ამბობს რომ წყლისთვის ავზი დადგეს, მაგრამ წყალი მაინც არ არის.
ინგა ბელეშაძის თქმით, ეზოებში ზოგ მოსახლეს ჭა აქვს, რომელიც აგვისტო -სექტემბერში მთლიანად შრება:
“ჭა გვაქვს, რომელშიც წყალი აგვისტო-სექტემბერში საერთოდ არ არის. აქ, დაახლოებით, 30 ოჯახი ვართ ასე უწყლოდ. იყო პროექტი, მაგრამ ბოლომდე არ გააკეთეს. ავზიც დადგეს, მაგრამ არ დარჩა ისეთი სიმძლავრის, რომ წყალი წამოსულიყო. მოკლედ, ჩავარდა პროექტი _ არ არის წყალი. ერთი დღეც არ ყოფილა, არ გამოუყვანიათ, ნებისმიერ ოჯახთან შეგიძლიათ ნახოთ, წყალი თუ მოდის”.
გოგა ხინთიბიძე: “არ ყოფილა არასდროს წყალი. სადღაც გააკეთეს ავზი, მაგრამ წყალი არ წამოსულა მოსახლეობაში _ ბიდონებით ვეზიდებით წყალს”.
სუზანა ტუღუში: “თირის უბანში ვცხოვრობ. წყალი არ მოგვეწოდება, არც არასდროს გვქონია. ჭა მაქვს ეზოში და იმას ვსარგებლობ. სადმე არის ალბათ გამოყვანილი, მე არ ვიცი”.
ჯემალი მუხაშავრია: “სადაა წყალი?! ღელიდან დაგვაქვს წვალებით. თირის უბანში წყალი არ გამოუყვანიათ. გაჰყავდათ არხები, მაგრამ წყალი არ წამოსულა. ზოგს ტყიდან აქვს გამოყვანილი საცივის წყალი”.
თანასოფლელების მსგავსად, უწყლობითაა შეწუხებული დიანა ხინთიბიძე: “წყალი არ გვაქვს, არასდროს ყოფილა! აი, ჩემს ჭაში შეიძლება დასალევ წყალი ამოიღო მხოლოდ. გაწვალებულები ვართ, გვალვაა უკვე და დაშრა ჭები. შემოიყვანენ თუ არა წყალს, არაფერი მსმენია ამის შესახებ”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ძიმითში დავით ხინიკაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ “თირის” უბანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გახორციელებული პროექტი ხარისხიანად არის შესრულებული _ იგი ჟურნალისტებთან მოსაუბრეებს ინტრიგნებს უწოდებს:
_ ზუსტად ვერ გეტყვით, რა თანხა დაიხარჯა, ხელი კი მაქვს მოწერილი. არაფერი ხდება საგანგაშო _ სადაც იყო წყლის სათავე, იქ გაკეთდა “ბასეინი”, გადმოღმით მეორე “ბასეინი” გაკეთდა და წყალსაქაჩი. მაღლა მთაზე დგას კიდევ მესამე “ბასეინი”, სადაც წყალსაქაჩით უნდა ასულიყო წყალი. შეიძლება ახლა რაღაც იყოს უმნიშვნელოდ დაზიანებული. მოსახლეობაში წყლის შეყვანაზე ცალკე ტენდერი უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ ზამთარმა მოუსწრო, ზაფხულში უნდა გამოცხადებულიყო, მერე აირ-დაირია ყველაფერი და დარჩა ასე. დანარჩენი ყველაფერი გაკეთებულია დეტალურად და ხარისხიანად. უბრალოდ, რაღაც 2 კილომეტრის რადიუსში უნდა მოხდეს მოსახლეობაში დაქსაქსვა, ჭიშკართან მიყვანა. მოხდა შეფერხება, დარჩენილია უმნიშვნელო ნაწილი და მოსახლეობა მიიღებს წყალს. ძირითადი გაკეთებულია და თუ კი მონდომებულები არიან, მოსახლეობაში წყალი მივიდეს, ამდენ ჩაძიებას და თითების შვერას, ჯობს, მივიდნენ, დათვალონ და გააკეთონ.
_ ვის გულისხმობთ?
_ ვის და ინტრიგნებით რომაა მაქ სავსე ყველაფერი.
_ სად?
_ ჩემ სოფელში და მუნიციპალიტეტშიც, _ გვპასუხობს ხინიკაძე.
სოფელ ძიმითის ორი მოწვევის დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ტიტე მგელაძე მოსახლეობას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები არაკეთილსინდისიერად არის შესრულებული.
_ 25 ათასი ლარია დახარჯული. არჩევნების წინ უნდა დაესრულებინათ. მივმართეთ კომპანიასაც, ადგილობრივ ხელისუფლებასაც, მაგრამ რად გინდა _ არ დაამთავრეს! ბევრი რამე არ მსიამოვნებს, რაც იქ გაკეთდა და არის გაკეთებული, მაგრამ გვპირდება ახალი ხელისუფლება და ვნახოთ. მე იმ ხალხთან, ფაქტობრივად, არჩევნების წინ ვერ მივდიოდი და ვერ ვთხოვდი ვერაფერს _ რამდენიმეჯერ მოაწყო ხალხმა აქცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ძალიან გაბრაზებული არიან იქაურები.
რაც შეეხება მაგ პროექტს, ჰაერშია გამოკიდებული. კი, ბატონო, საბუთები არის, თუმცა, მე არ ვაწერ ხელს.
ბევრი რამე არ მომეწონა, როცა ავედი და ვნახე, არც გაკეთების პრინციპი მომეწონა. დაახლოებით, 10 000 ლარით ნაკლებიც რომ მიეცათ, გვყავდა ჩვენ ისეთი ხალხი, მაგ პროექტს ბოლომდე მიიყვანდნენ. მთავრობა მიდის, მოდის და მოსახლეობა 30 წელია, უწყლოდაა.
რაც შეეხება “ფაფასკურას”, იქ მოსახლეობის ნაწილს გაუკეთდა წყალი, დანარჩენზე ცალკე პროექტი უნდა გაკეთდეს და არ ვიცი, როდის იქნება, _ ამბობს მგელაძე.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის ყოფილ მოადგილეს ბადრი გობრონიძეს დაუკავშირდა, რომელიც იმ დროს ინფრასტრუქტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. გობრონიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გაგვცა:
_ კი, ბატონო, ხელი მაქვს მოწერილი დოკუმენტებზე. სამუშაოები არ შეწყვეტილა. მე აღარ ვმუშაობ. მერე რა, რომელიც წელიც არ უნდა იყოს _ მაქ არის ხელისუფლება, მერი მისი სამი მოადგილით, მრჩევლებით, თანაშემწეებით. პასუხს გაგცემთ ინფრასტრუქტურის სამსახური.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევიან: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითში, “ფაფასკურის” უბანში, 2015 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯა 34 977 ლარი. წყალი მიეწოდება 45 ოჯახს. წყალმომარაგების გარეშე დარჩენილია 17 ოჯახი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ 17 ოჯახზე გასცა წყლის მილები. მათ სჭირდებათ შესაბამისი ტექნიკა, რათა მილები მიწის ქვეშ განთავსდეს და მოსახლეობამ წყალი სახლებამდე მიიყვანოს.
რაც შეეხება, “თირის” უბანს, აქ წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე 2016 წელს დაიხარჯა 25 039 ლარი. დამონტაჟდა წყლის დამატებითი ავზი, მოეწყო წყლის მაგისტრალი, დამონტაჟდა წყალსაქაჩები. ამ დროისთვის, წყლის გარეშე დარჩენილია 25 ოჯახი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და შესაბამისი თანხების მოძიება ძიმითის წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად”, _ ამბობენ მერიაში.