შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, მაშველებმა წყლიდან სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, ავტომობილი მთლიანად წყლით იყო დაფარული, რის გამოც მცხეთის მიმართულებით დამატებით გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.
რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 3-ვე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.
ამ დროისთვის, მცხეთაში საძიებო სამუშაოები დასრულებულია. პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, _ წერია ინფორმაციაში.