“გავიგოთ რამდენი ვართ!” _ ამ ფრაზით სრულდება სატელევიზიო საინფორმაციო რგოლი, რომლითაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობას საყოველთაო აღწერის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
“გამოდით, უნდა დაგთვალოთ!” _ ამგვარი იუმორისტული მესიჯი იკითხებოდა ერთ-ერთი ბოლოდროინდელ წინასაარჩევნო ბანერზე, რომლითაც ცესკო ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კამპანიას ახალისებდა.
გამოდის, რომ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ვართ; არც ის, ზუსტად რამდენი ამომრჩეველი გვყავს. სამწუხაროდ, კიდევ უფრო რთულადაა საქმე, თუ თქვენ მოინდომებთ მოიპოვოთ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ინფორმაცია, ზუსტად რამდენი პირია დასაქმებული საჯარო სექტორში; საჯარო სექტორში, რომლის დაფინანსების ტვირთი დანარჩენ სექტორებზეა გადანაწილებული. მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ჩვენ მიერ საჯარო მოხელეების სარჩენად გაღებული თანხები, ექვსნიშნა რიცხვებით გამოიხატება. და მაინც, რამდენი მოხელის რჩენა ადევს მხრებზე შრომით დაღლილ ადამიანს?
საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამი სხვადასხვა უწყება აღრიცხავს: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და ფინანსთა სამინისტრო. თუმცა, სამივე უწყება დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგიას იყენებს და ამიტომაც, ძალიან რთულია ამ სექტორში დასაქმებულთა ზუსტი მონაცემების დადგენა. კიდევ უფრო რთულია სათანადო სიზუსტით სექტორის კატეგორიების იდენტიფიცირება (საჯარო სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა).
საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების ნაწილში აიღო. ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქრთველოს მთავრობამ უნდა შექმნას “ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური.”
პირველ ეტაპზე, 2020-წლამდე დღის წესრიგი, საქართველოს ავალდებულებდა კანონმდებლობის გამართვას, მის იმპლემენტაციას, ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ეფექტური, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, დაწინაურებისა და დათხოვნის სისტემის შექმნას; დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, რომლის მთავარი ხარისხი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იქნებოდა. აგრეთვე, საჯარო ადმინისტრაციის ყველა სექტორში, სააგენტოსა და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეთა საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებულ ტრეინინგებზე ხელმისაწვდომობას.
ამ ყველაფრის მთავარი შედეგი კი, ოპტიმალური რაოდენობის საჯარო მოხელეთა მიერ მოქალაქეებისთვის ხარისხიანი საჯარო მომსახურების გაწევა და სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესება უნდა იყოს. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 მარტს, საქართველომ განაცხადით მიმართა გაწევრიანების შესახებ, ხოლო 2023 წლის 15 დეკემბერს მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა საჯარო სამსახურის როლმა და დანიშნულებამ _ საჯარო სამსახურს უნდა ჰქონდეს უნარი, ჩაებას დემოკრატიზაციის, ევროპული ღირებულებების დაცვის და ევროინტეგრაციის პროცესში.
გადავხედოთ, რა შეიცვალა საკანონმდებლო კუთხით: 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, შეიქმნა და დამტკიცდა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია; 2015 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ხოლო 2017 წელს _ კანონი “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”.
რეფორმის პირობებში მიღებულია ათეულობით დადგენილება, რომელმაც საჯარო სამსახურის კანონის აღსრულებას უნდა შეუწყოს ხელი. აქვე უნდა ითქვას, რომ კანონის მიღებიდან 2022 წლამდე პერიოდში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ორმოცამდე შესწორება შევიდა, რომელთაგან ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, არ უწყობს ხელს კანონმდებლობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს მუნიციპალური სერვისების მინიმალური სახელმწიფო სტანდარტები, რაც მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურებისთვის საჭირო საჯარო მოხელეების რაოდენობის, მათზე დახარჯული ფინანსური რესურსის მოცულობის, გაწეული მომსახურების ხარისხის და მომხმარებელთა კმაყოფილების დონეზე სისტემატური მონიტორინგის შესაძლებლობას შექმნიდა. |
საჯარო სამსახურებში დასაქმებულების (საჯარო მოხელეების, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების) რაოდენობა, მკვლევართათვისაც კი რთულად დასადგენია. და მაინც, მოდით, შევეცადოთ, მიახლოებით მაინც განვსაზღვროთ, რამდენ საჯარო მოხელეს ვუხდით ხელფასს გურიაში, რომ კარგად მოგვემსახურონ და ცხოვრება გაგვიიოლონ.
ჩვენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ მოეწოდებინათ სრულიად მარტივი ინფორმაცია: 2024 წლის მონაცემებით, რამდენი ადამიანი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში; რამდენი ა(ა)იპ-ი ან სხვა სამართლებრივი ფორმის საბიუჯეტო (სახელმწიფო 100%-იანი წილის მქონე) ორგანიზაციები მუშაობენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე და რამდენია მათზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები 2023 წლის მონაცემებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების პროაქტიური გამოქვეყნების ვალდებულება მუნიციპალურ ორგანოებს კანონითაც აქვთ, ოფიციალურ ვებგვერდებზე ინფორმაციები ფრაგმენტული, გაფანტული, არასრულია _ საჭირო ინფორმაციის მისაღებად, სპეციალური განათლება ან სპეციფიური უნარ-ჩვევების ქონაა საჭირო.
მერიებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურების გავლა მოგვთხოვეს და მიუხედავად “საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის” დათქმისა, რომ ამგვარი ინფორმაცია დუყოვნებლივ უნდა გაიცეს, სამდღიან ვადაში, მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა ინფორმაცია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული საპასუხო წერილით ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2024 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებით დასაქმებულია 16 ადამიანი, ხოლო შტატით _ 86. მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამი შეზღუდული პასუხისმგებლობის სახელმწიფო საწარმო და თექვსმეტი არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირი (ა(ა)იპ)).
ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხოვნობა ამგვარია: “ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება _ 174 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა _ 40 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული თეატრი _ 22 თანამშრომელი; ა(ა)იპ “მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი” _ 16 თანამშრომელი; ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართულ-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი “გურია” _ 42 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 16 თანამშრომელი; ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლ კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლა _ 37 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 33 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი _ 842 თანამშრომელი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი _ 340 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი _ 181 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი _ 37 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი _ 18 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი _ 11 თანამშრომელი; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია _ 30 თანამშრომელი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს სატრანსპორტო კომპანია _ 13 თანამშრომელი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს “სატისი” _ 52 თანამშრომელი; შპს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი _ “მერცხალი”- 43 თანამშრომელი; “ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირი” _ 51 თანამშრომელი. ჯამურად, 2100 პირი _ მხოლოდ მერიის სამსახურებში. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს: “აპარატში არის დასაქმებული 17 ადამიანი, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილია 4 ადამიანი”, _ ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ამას გარდა, 2022 წლიდან, ამოქმედდა “სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც მოახდენენ მათი დასაქმების ფორმალიზებას ან/და დასაქმდებიან პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებში სპეციალურად მათთვის გამოცხადებულ ვაკანსიებზე, 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით, საქართველოში ხელშეკრულება გაფორმდა 39 999 სოციალურად დაუცველ პირთან, საიდანაც წლის ბოლოს აქტიური იყო 32,921 ხელშეკრულება. ჯანდაცვის მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამ პირებიდან 28,282 მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომლებიც ჩვენ მიერ ზემოთ განხილულ სტატისტიკაში ვერ აისახებოდა. ცხადია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც თავისი “წილი” აქვს ამ პროგრამაში.
ოზურგეთის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული “2023 წლის ბიუჯეტის შესრულების მოქალაქის გზამკვლევიდან” ვიგებთ, რომ მმართველობისა და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივმა ხარჯვამ შეადგინა 4 827,7 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 15,7 %-ს შეადგენს.
ახლა მუნიციპალიტეტებში 2025 წლის ბიუჯეტების პროექტების განხილვა- წარდგენის პერიოდია, და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებშიც 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წლის ბიუჯეტი 41 130 000 ლარით განისაზღვრა. რას ნიშნავს ეს რიცხვები, ჩვენს მომდევნო სტატიებში გაგაცნობთ. მანამდე კი გავეცნოთ როგორია ევროპის ქვეყნებში საჯარო სამსახურებში დასაქმების პოლიტიკა; მოდით, გავეცნოთ ლატვიის მაგალითს, რომელიც თქვენთვის ჩვენმა მკვლევარმა მამუკა მამალაძემ მოამზადა.
ლატვიის რესპუბლიკა საპარლამენტო დემოკრატიაა. ბალტიისპირეთის ეს პატარა ქვეყანა უნიტარული სახელმწიფოა. ლატვიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორი ძირითადი დონეა:
1) ცენტრალური ხელისუფლება: სამინისტროები და ადმინისტრაციული ორგანიზაციები, რომლებსაც მართავდენ და აკონტროლებენ პირველი (სახელმწიფო უწყებები, სამსახურები, საბჭოები, ოფისები და ადმინისტრაციები).
2) რეგიონული დონე: ამ დონეზე ფუნქციონირებს სხვადასხვა სამინისტროს ტერიტორიული ადმინისტრაციული ორგანოები, მაგალითად, გარემოს დაცვის ტერიტორიული სამსახური.
აქ არის 43 ტერიტორიული ერთეული, 36 მუნიციპალური უბანი და 7 ადგილობრივი მუნიციპალიტეტი (ასევე თვითმმართველობის ფუნქციებით). მუნიციპალური რაიონები, მთავრობის დელეგატების მხარდაჭერით, უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დელეგირებული ფუნქციების გახორციელებას.
ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს (CSB) მიერ ჩატარებული სამუშაო ძალის კვლევის (LFS) შედეგები აჩვენებს, რომ 2023 წელს, ლატვიაში 884,2 ათასი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 64,2% იყო დასაქმებული (ასაკი: 15-74 წლის).
მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში (61.6% – 2023 წლის მესამე კვარტალში), 2023 წლის მეოთხე კვარტალში ის ყველაზე დაბალი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის (69.1% _ ესტონეთში და 65.7% _ ლიტვაში).
ლატვიაში დასაქმებულების 20.8 % საჯარო მმართველობასა და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს.
თუ 2003 წლის მონაცემებით, ლატვიაში, სადაც 2,3 მილიონი მოსახლე ცხოვრობდა, საჯარო მოხელეთა რაოდენობა 241 500 იყო (სახელმწიფო ადმინისტრაცია _ 52% და ადგილობრივი თვითმმართველობა _ 48%), 2008 წლიდან 2016 წლამდე შუალედში, რეფორმების შედეგად, მათი რიცხვი 58 000-მდე შემცირდა.
2008-2016 წლებში სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებებში
დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ლატვიაში, ათასი (ფაქტობრივად დასაქმებული)
2008-2016 წლებში სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, ათასი (ფაქტობრივად დასაქმებული)
ხოლო 2019 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო მოხელეთა რაოდენობა კიდევ 22% ით შემცირდა. ამ ტენდენციის პარალელურად, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების გამსხვილების რეფორმა. 2020 წელს მიღებული კანონი “ადმინისტრაციული ტერიტორიებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ” მიზნად ისახავს უფრო დიდი მუნიციპალიტეტების შექმნას, რომლებსაც უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებათ მოსახლეობისთვის უკეთესი სერვისების მისაწოდებლად.
ლატვიის საბანკო სფეროს ეკონომისტები, ჯერ კიდევ 2019 წლის კვლევით ნაშრომში ამტკიცებდნენ, რომ ლატვიის ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის საშუალო ზომის გაზრდა 16,000 მოსახლიდან (2019 წელს) მინიმუმ 20 000 მცხოვრებლამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გამოათავისუფლებს დაახლოებით 196 მლნ ევროს წლიურად, რაც შეიძლება უკეთესი სერვისების მიწოდებისთვის და უფრო ეფექტური მმართველობისთვის გამოიყენონ ადგილობრივმა ორგანოებმა. შედეგად, რეგიონულმა რეფორმამ შექმნა უფრო დიდი ადმინისტრაციული დანაყოფები, ნაკლები ბიუროკრატიული რესურსით, რომლებსაც შეუძლიათ მოსახლეობისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისების მიწოდება (წყარო 1, წყარო 2).
ქეთი ანთაძე-ტამმინგა, დამოუკიდებელი და უპარტიო ავტორი, რომელიც გერმანიაში, ოლდენბურგში ცხოვრობს, ამბობს, რომ ევროპაში ხალხის მმართველობა ეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს: “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში ძალების გადანაწილებამ დაადასტურა, რომ წარმატებული სახელმწიფო პოლიტიკა ძლიერი ეკონომიკითა და უსაფრთხოების მექანიზმებით ყალიბდება მხოლოდ ნეპოტიზმისგან თავისუფალ გარემოში. ცხადია, დღემდე გავლენიანი კავშირების ქონა ევროპის ქვეყნებშიც დიდი უპირატესობაა, თუმცა, მხოლოდ ამ კავშირების წყალობით საჯარო სამსახურში მოხვედრა რთულია. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს ე.წ. “ოპტიმალურობის ვალდებულება”, რაც იმის გარანტიაა, რომ მხოლოდ თანამდებობისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატი შეირჩევა. თვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაც კი ვერ მოხდება დასაბუთების გარეშე. ყველა შესყიდვას ახასიათებს ბიუროკრატიული კვალი, სადაც აღწერილია, რატომ შეირჩა ესა თუ ის სუბიექტი და რა უპირატესობა ჰქონდა ამ უკანასკნელს სხვა კანდიდატებთან შედარებით.
საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დაკავება ხდება უმრავლეს შემთხვევაში კონკურსის წესით. თუ ინსტიტუციის შიგნით თანამდებობის მსურველი პრეტენდენტების რაოდენობა სავარაუდოდ დიდია, შესაძლოა საჯარო კონკურსი არ გამოცხადდეს, თუმცა შიდა კონკურსის დროსაც გადამწყვეტია, რომ არჩეულ კანდიდატს შესაბამისი ფორმალური განათლება და გამოცდილება ჰქონდეს.
ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს ე. წ. საჯარო მოხელის (ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო მოხელის სახელით ცნობილი) ინსტიტუტი. ამ კატეგორიის საჯარო მოხელეები (მაგ. მოსამართლე, ზოგ ქვეყანაში მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი და ა. შ.) უვადოდ იკავებენ თავიანთ თანამდებობას და კარიერის ამ ეტაპზე მისასვლელად საკმაოდ დიდი გზის გავლა უწევთ. ამ სახის თანამდებობას, როგორც წესი, ვერ დაიკავებენ პირები, რომელთა მიმართაც ერთხელ მაინც დამდგარა და ძალაში დარჩენილა გამამტყუნებელი განაჩენი.
საჯარო სამსახურში ჩადგომის ასევე გავრცელებული ფორმაა საჯარო-სამართლებრივი კონტრაქტი, რომელიც გარკვეული დროით იდება და ბევრი დამხმარე ვაკანსიების შევსების შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო სამსახურებს. კონკურსის გამჭვირვალობა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა. კონტრაქტით ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება დასაქმდეს თუ ვაკანსიის გამოცხადება მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული ზედამხედველობის ორგანოების მიერ. ამ საკონტროლო მექანიზმის დანიშნულებაა, არ დაუშვას არასაჭირო ვაკანსიების გამოცხადება და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სავალდებულოა საჯარო სამსახურში ჩადგომამდე წერილობითი დასტური, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. ამის გაკონტროლება მკაცრად ხდება ყოველწლიურ საგადასახადო დეკლარაციაშიც, რომლის შევსებაც მოქალაქეების უმეტესობისთვის ან სავალდებულოა, ხანდახან კი ფინანსურად სასურველიცაა. პირადი მონაცემების დაცვა საჯარო მოხელეების შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობის მქონეა; ამიტომაც, პირადი ფინანსების გამოქვეყნება საჯაროდ არ ხდება. პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაცია უმეტესად საჯაროა.
არჩევნები არის პოლიტიკური თანამდებობის გადანაწილების წინაპირობა ნაციონალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ქართული რეალობისგან განსხვავებით, ევროპელი ამომრჩევლების ერთმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, როდისაა არჩევნები ან რომელი პარტიაა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ევროპაში ცხოვრების პირობების მაღალი დონე ხშირად განაპირობებს მოქალაქეების პოლიტიკურ პასიურობას. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება არჩეული, რადგან მიზანი ყველა პოლიტიკურ ძალას ერთი აქვს – მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტის შენარჩუნება ან გაუმჯობესება. ასევე დიდია მოქალაქეების ნდობა არჩევნების ინსტიტუტის მიმართ. არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც თავის მხრივ ყოველგვარი კეთილდღეობის დაკარგვასთან ასოცირდება. ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება ხშირად პარტიების საერთო რეიტინგის სანდო ინდიკატორია, თუმცა ერთი პარტიის გამარჯვება ყოველთვის სხვა პარტიების დამარცხებას არ ნიშნავს. ევროპაში პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევების აქვთ ხმების იმ პროპორციების უმრავლესობა, რომ ლეგიტიმაციის მისაღებად კოალიციის შექმნა არ დასჭირდეთ. დიდი უპირატესობა აქვთ უმრავლესობის მქონე პარტიებს დააკომპლექტონ მმართველი თანამდებობები ადგილობრივ საკრებულოებსა და გამგეობებში. ხშირად პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები ინაწილებენ ამ თანამდებობებს და ბევრ საკვანძო საკითხზე ერთმანეთთან შეთანხმების მიღწევას ბოლომდე ცდილობენ.
საკმაოდ ხშირია არსებული კოალიციების დაშლის შემთხვევებიც, რაც ძირითადად ძირეული უთანხმოების დროს (მაგ. ბიუჯეტის დაგეგმარებაზე) ხდება. ამ შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება უმრავლესობის ფორმირების ახალი პროცედურა. რაც ზოგ ქვეყანაში პოლიტიკური ძალების ახალ კონსოლიდაციას მოითხოვს, ზოგან კი – ახალ არჩევნებს.
საჯარო სამსახური ევროპაში ერთდროულად პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ხშირად არ ეთანხმება ხელისუფლებაში მყოფ პარტიების პოლიტიკას, თუმცა მათ სამუშაო ადგილს ამის გამო საფრთხე არ ემუქრება. დემოკრატიული არჩევანის გარანტიაა საარჩევნო ხმის საიდუმლოება და თავისუფალი, თუნდაც საწინააღმდეგო, აზრის მიმღებლობა. ევროპული საჯარო მმართველობა მოითხოვს გარკვეულ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და ინკლუზიური მმართველობის გარეშე არ ყალიბდება”, _ ამბობს ქეთი.
ჯერ კიდევ 2013 წელს, თვითმმართველობის რეორგანიზაციისთვის საჭირო კანონპროექტის წარდგენისას, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა: “გამგეობებში უამრავი ხალხია დასაქმებული, რომლებიც ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ. ამიტომ, მოხდება ერთგვარი ფორმულის დადგენა, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი განისაზღვრება. 30 საბაზო თანამშრომელი იქნება გამგეობებში და ყოველ 500 ამომრჩეველზე _ ერთი თანამშრომელი”.
რა შეიცვალა მას შემდეგ? არიან თუ არა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები მმართველი პარტიის ზეგავლენის ქვეშ, როგორც ყოველთვის? კვლავ მძიმეა თუ არა ბიუროკრატიული ტვირთი? უფრო მეტი ფული იხარჯება თუ არა ბიუჯეტიდან ბიუროკრატიული, ხშირად დუბლირებული სამსახურების შესანახად? იღებენ თუ არა მოქალაქეები გაღებული ხარჯების შესაბამისს სერვისებს? არის თუ არა გაუმჭვირვალე საკადრო და ფინანსური პოლიტიკა კორუფციის მაღალი რისკის შემცველი? საჭიროა თუ არა საჯარო სამსახურებს იმ ზომით არსებობა, რაც საკმარისი იქნება სახელმწიფოს მიზნების ეფექტურად გახორციელებისთვის? _ აი, კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ მწვავედ დგას ჯერ კიდევ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის _ საქართველოს წინაშე.