საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრიფინგი ჩატარდა. როგორც უწყებაში თქვეს, ხაზარაძის განცხადებაზე მუქარის შემცველი წერილის მიღების თაობაზე უწყებაში დაიბარეს, თუმცა უარი თქვა და სასამართლოში გამოკითხეს.
“საქმის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურანტმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი.
მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოჰყვა მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და იგი დაუყოვნებლივ იქნა გამოსაკითხად გამოძახებული პროკურატურაში, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან,” თქვეს უწყებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი იმ წერილთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელიც, მისი ინფორმაციით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. ამ განცხადებას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა: „მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას“.
მინისტრის განცხადებით, ამ ქვეყანაში პრივილეგირებულობა უნდა დასრულდეს. „შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, – განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მოგვიანებით ხაზარაძეს განცხადებას პროკურატურა გამოეხმაურა. უწყების ცნობით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს ჩვენებაში გახარიას მუქარის წერილი არ უხსენებია. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო ხელმოწერებს აგროვებს, რათა შეიქმნას კომისია, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს შეისწავლის.
21 თებერვალს „თიბისი ბანკმა” ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა ბადრი ჯაფარიძემაც.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე აღწერა.